მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი გაეროში: "განათლება კიდევ უფრო მაღლა დავაყენეთ ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების რიგში"

6329465ec491f
BM.GE
20.09.22 08:33
872
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის.

„საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და აღიარებს უწყვეტი განათლების შესაძლებლობების ყველასთვის უზრუნველყოფის საშუალებას. ამრიგად, განათლება კიდევ უფრო მაღლა დავაყენეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტების რიგში. განათლება ქმნის თითოეული ინდივიდის პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარების საფუძველს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ჩვენს ერებს.

მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მივცეთ წვდომა სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ყოველგვარი ბარიერების გარეშე, რათა ისინი აღიჭურვონ ცხოვრებისეული უნარებითა და კომპეტენციით, აგრეთვე კონკურენტუნარიანი და სტუდენტზე ორიენტირებული განათლების სისტემებით. ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობა ამაყობს, რომ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდე.

"ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ ამბიციურ მიზნებს, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე.

საქართველოს მთავრობა გეგმავს კვლავ გააორმაგოს ძალისხმევა სასწავლო გეგმების გასაუმჯობესებლად, თანამედროვე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მასწავლებლებისა და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებისათვის, რადგან ისინი ჩვენი ძალისხმევის ხერხემალს წარმოადგენენ მომავალი თაობის ადეკვატური უნარებითა და ცოდნით აღჭურვის საქმეში. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს ძალისხმევა საკვანძოა ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, რომელიც განათლებული, გამოცდილი, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეებისგან შედგება,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიის პირველ დღეებში საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება, განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა მთელი რიგი უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის.

„საქართველო მსოფლიოში პირველია მათ შორის, ვინც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ძალისხმევით სასწავლო გეგმებზე დაფუძნებული სატელევიზიო პროგრამები დანერგა. პროგრამების პოპულარობა იზრდება და ემსახურება მთლიანად ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს. სიამაყით გაცნობებთ, რომ საქართველოს ძალისხმევა და წარმატება დისტანციური სწავლების დანერგვაში აღიარებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილმა განათლებაზე საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ქართულ სკოლებში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ. "ამისათვის, სკოლებში ჩამოვაყალიბეთ ჩარიცხვის გამარტივებული პროცედურები და, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ზოგად განათლებას უკრაინულ ენაზე ვახორციელებთ სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმების მიხედვით. გარდა ამისა, უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს განათლებას აგრძელებენ საქართველოში, უკვე შეუძლიათ ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ სასწავლებლებში“,- განაცხადა პრემიერმა. 

დაბოლოს, ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველო იღებს ვალდებულებას განახორციელოს ეფექტიანი მექანიზმები მასწავლებლის პროფესიის ხარისხისა და მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად. 

„საქართველო იღებს ვალდებულებას განახორციელოს ეფექტიანი მექანიზმები მასწავლებლის პროფესიის ხარისხისა და მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად. განათლების ყველა საფეხურზე კვალიფიციური მასწავლებლებისა და სპეციალისტების აყვანისა და შენარჩუნების ხელშეწყობა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იქნება განათლების პოლიტიკის დღის წესრიგის სათავეში.

საქართველო ასევე გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს ინკლუზიური, უსაფრთხო და ჯანსაღი სასკოლო გარემოს უზრუნველყოფას, სკოლაში კვებისა და სამედიცინო, აგრეთვე ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერით.

პატივცემულო მონაწილეებო, დასკვნის სახით ნება მომეცით, ხაზი გავუსვა გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას განათლების გარდაქმნის უკეთესი საერთო მომავლის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საქართველო ამაყობს, რომ უერთდება დღეს, აქ, ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც იკისრეს ვალდებულება თავიანთი თემები განათლების გზით გააძლიერონ. ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო კონსოლიდაციით, ჩვენ მივაღწევთ განათლებისა და ჰუმანურობის დასახულ მიზნებს. დიდი მადლობა!,“- აღნიშნა პრემიერმა.