განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას - 30 000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტისთვის ფინანსური დავალიანების ჩამოწერას - აკრიტიკებს. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ეს არის "მავნებლური პოპულიზმი".
განათლების სპეციალისტი საკუთარ მოსაზრებას რამდენიმე არგუმენტით ასაბუთებს:
"სტუდენტებზე ზრუნვა კარგია, მაგრამ პრობლების გარეგანი ნიშნების გაქრობაზე რომ ხარჯავ რესურსს იმის ნაცვლად, რომ მისი რეალური მიზეზების აღმოფხვრაზე ფიქრობდე, ამას ჰქვია მავნებლური პოპულიზმი.
სტუდენტების უმეტესობას იმის გამო კი არ აქვს დავალიანება და სტატუსი შეჩერებული, რომ ერთჯერადი პრობლემა ჰქონდათ და ვერ შეძლეს გადახდა, მათ სინამდვილეში გაცილებით კომპლექსური და დროში განგრძობადი პრობლემები აქვთ, როგორიცაა:
უმძიმესი სოციალური მდგომარეობა;
რეალობასთან შეუსაბამო სასტიპენდიო და მხარდამჭერი პროგრამები;
ქალაქებში (განსაკუთრებით თბილისში) ცხოვრების ხარჯების დრამატული ზრდა (ქირა, კვება და ა.შ.);
ხელმისაწვდომი სტუდენტური საცხოვრებლების არარსებობა;
სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობის სიმცირე და არაადამიანური პირობები;
დასაქმებული სტუდენტების მხარდამჭერი საუნივერსიტეტო პროგრამების არარსებობა;
და კიდევ ბევრი სხვა...
შესაბამისად, სტუდენტების მნიშვნელოვანი უმრავლესობა ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად მაინც ვერ განაგრძობს სწავლას და მათ კიდევ მრავალი ახალი სტუდენტი შეუერთდება.
რეალურად, მთავრობამ პრობლემის არსებითად მოგვარებისთვის რესურსი კი არ გაიღო, არამედ უბრალოდ დავალიანების გრაფაში ნული დაწერა, შესაბამისად შედეგიც იქნება ნული.
ამას ისევ არჩევნებზე კარტოფილის დარიგება სჯობს", - წერს რევაზ აფხაზავა facebook-ის პირად გვერდზე.