მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი პროგრამა სტიმულს მისცემს კერძო სექტორის განვითარებას" - ირაკლი ბურდილაძე

620e59ffadcab
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.22 00:43
877
კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი ირაკლი ბურდილაძე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი ინფრასტრუქტურული პროგრამა კერძო სექტორის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მან ეკონომიკის მინისტრთან კერძო სექტორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ლევან დავითაშვილმა სამშენებლო სექტორსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ახალი პროგრამა გააცნო.

ირაკლი ბურდილაძე მიიჩნევს, რომ ახალი ინიციატივა ბიზნესისთვის საინტერესოა და ასევე მისასალმებელია, რომ კომუნიკაცია კერძო სექტორთან პროგრამის დაანონსებისთანავე დაიწყო. „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ ეს საშუალებას იძლევა, რომ პროგრამის დიზაინის შედგენისას ბიზნესის ინტერესები გათვალისწინებული იყოს.

„ჩვენთვის საინტერესოა მაგალითად პროექტები, რომელიც საცხოვრებელი ფართებით დევნილთა დაკმაყოფილებას უკავშირდება. როგორც შეხვედრაზე გაჟღერდა, დაახლოებით 800 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს სახელმწიფო. დაახლოებით 13 000 ოჯახის დაკმაყოფილება სურთ საცხოვრებელი ფართით და ეს პროექტები საინტერესოა, ბევრი ნიუანსია დასახვეწი ამ პროგრამის ფარგლებში. საუბარი იყო სავალუტო რისკების დაზღვევაზე, გადახდა მოხდება ლარში, თუმცა სავალუტო რისკების დაზღვევის მექანიზმები არსებობს და ამ პროგრამაში ეს მექანიზმი ჩასადები იქნება.

საუბარია თითქმის 1 მლრდ ლარის დახარჯვაზე, რაც საკმაოდ დიდი ინვესტიციაა ეკონომიკაში. ეს აწევს ლიკვიდურობას და ძალიან დიდ სტიმულს მისცემს როგორც კერძო სექტორის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი შემოსავლების შესვლას ბიუჯეტში“, - ამბობს ბურდილაძე.

ის თვლის, რომ პროგრამაში ჩართვას მისი დიზაინიდან გამომდინარე ნებისმიერი ზომის კომპანია შეძლებს. „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ 2-3 წლის განმავლობაში შესაძლოა სამშენებლო პროექტების ღირებულება გაიზარდოს, თუმცა რამდენით ამას ვერ აკონკრეტებს.

„როდესაც იზრდება სამშენებლო მასალების ღირებულება, ფასების კორექტირებას, ზრდის კუთხით ბინებზეც უნდა ველოდოთ, თუმცა ამ ყველაფერს არეგულირებს მოთხოვნა და ჩვენი პოტენციური მყიდველების მსყიდველუნარიანობა. მასალების ფასების სერიოზულ ორნიშნა ზრდას არ ველით, თუმცა თუ სამშენებლო მასალები გაძვირდა, მაშინ უნდა ველოდოთ ზრდას პროექტების ნაწილშიც“, - განმარტა კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა.