მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ცდილობს „ბიქეი ჰოლდინგი“ კვალიფიციური მუშახელის პრობლემის მოგვარებას?

6436a8bc3280a
თელარა გელანტია
13.04.23 00:00
832
დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, სამშენებლო სექტორის ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და ასევე ისაუბრა „ბიქეი ჰოლდინგის“ მიერ გამოწვევის დასაძლევად გადადგმულ ნაბიჯებზე.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე წლის წინ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალმა სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენმა“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დაარსა.

ირაკლი ბურდილაძის თქმით, პროფესიული კოლეჯი ქალაქ ზესტაფონში მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ სწავლა უფასოა, კოლეჯში არსებულ 11 პროფესიაზე კლასების სრულად დაკომპპლექტება უჭირთ.

„კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა ჩვენი ინდუსტრიისთვის სერიოზული პრობლემაა და როგორც ვიცი, სხვა სექტორებშიც ანალოგიური გამოწვევებია, ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი საშულებებით ვებრძოლოთ ამ პრობლემას. „კონსტრუქტ2“ში 3 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა ჩვენმა სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენმა“. თეორიული სწავლა 2 თვე გრძელდება, შემდეგ სტუდენტები პრაქტიკას ჩვენს კომპანიაში გადიან და ვთავაზობთ გარანტირებულ დასაქმებას. სწავლა უფასოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან გვიჭირდა 11 სპეციალობაზე კლასების დაკომპლექტება. ახლა შემოვიღეთ სტიპენდიებიც, რათა ამ გზით წავახალისოთ კოლეჯში სწავლა და სხვათა შორის, სტიპენდიებმა გარკვეული სტიმული მისცა სტუდენტებს“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

„თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორის აზრით, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპების მსხვრევა და მეორე მხრივ, იმის ჩვენება, რომ ამ სფეროში კარიერული განვითარების პოტენციალი მაღალია.

„სამშენებლო სექტორი ასოცირდება მძიმე ფიზიკურ შრომასთან. რა თქმა უნდა, ფიზიკური შრომა საჭიროა, მაგრამ ეს არაა ისეთი მძიმე ტვირთი, რომ ვერ აიტანო - საუბარია კვალიფიციურ მუშახელზე: ელექტრიკოსი, შემდუღებელი, მღებავი, ბლოკის დამწყობი და ა.შ. ეს ისეთი სპეციალობებია, რომელსაც სწავლა სჭრდება და შემდეგ იღებ სერტიფიკატს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაშიც გამოგადგება.

ამ ინდუსტრიაში დასაქმება რომ კარგია და კარიერული განვითარების გზა არის სამშენებლო სექტორში, ეს უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას - თქვენ რომ მუშად იწყებთ მუშაობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება მუშად იმუშავებ - მუშის პოზიციიდან შეიძლება გახდე ობიექტის ბრიგადირი, მერე - ობიექტის ხელმძღვანელი და შემდეგ სამშენებლო კომპანიაც ჩაიბაროთ.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ყველაზე მცირე 3000 ლარიდან რომ იწყება, ბრიგადირების შემთხვევაში 5-7 ათასი ლარი და უფრო მაღალიც არის. სამშენებლო ინდუსტრიაში საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებია“, - განმარტა ირაკლი ბურდილაძემ და იქვე დასძინა, რომ „კონსტრუქტ2“-ის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, სხვა კომპანიებშიც დასაქმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები