მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა დახმარებების მორიგ პაკეტზე შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

5fabe6766045d
თელარა გელანტია
11.11.20 17:26
987
საქართველოს მთავრობა, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების პაკეტზე მუშაობს. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც bm.ge-ის პრემიერის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პანდემიისა და შედეგად მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოზეც აისახება, ცხადია, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის კუთხით რამდენჯერმე გადადგა, უკვე საკმარისი აღარ არის.

„შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზის ფარგლებში შეიძლება გატარდეს და რომელიც შეეხება, როგორც სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებებს, მომდევნო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობის დინამიკის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დახმარებების მიზნობრიობის უდიდეს მნიშვნელობას ეპიდემიასთან ბრძოლის ამ ეტაპზე, რათა არსებული რესურსი თანაბრად გადანაწილდეს ეკონომიკის ყველა იმ სფეროსა თუ მოქალაქეებზე, ვისაც შექმნილ ვითარებაში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაზე და იმ ღონისძიებების შესრულების ეფექტიანობაზე, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის 3 ფაზის ფარგლებში განახორციელა.

საუბარი შეეხო მიმდინარე პროგრამების მონიტორინგს და მათ შორის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილს, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისიდან, 4 თვის განმავლობაში, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ფინანსურ სექტორში არსებულ მდგომარეობას და ხაზი გაესვა, რომ დღეის მდგომარეობით, საბანკო პორტფელები ინარჩუნებს ზრდის დინამიკას, გამომდინარე იმ ხელშემწყობი ღონისძიებებიდან, რაც მთავრობამ გაატარა, მათ შორის დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის პროგრამების კუთხით. ასევე აღინიშნა, რომ ეფექტიანად განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ კრიზისთან დაკავშირებული დროებითი საბანკო ზედამხედველობის ღონისძიებები”, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

BAG ბიზნესისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითხოვს