მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა დღეს ყველას ერთად „მჭლე“ სამიანი დაგვიწერა - უსუფაშვილი

622f19acb07e3
თელარა გელანტია
14.03.22 14:30
1380
"ბევრი მოხსენება მომისმენია საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური და სახელმწიფოს „მეთაურისებრი“, ანუ მცდელობა იმისა რომ ჩვენ ყველამ ერთად რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ ის პრობლემები რაც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალიც“, - განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სახელით.

მისი თქმით, პრეზიდენტმა პოლიტიკურ სპექტრს უჩვენა გამოსავალი და მისი როლი და დანიშნულება ამ მძიმე ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა.

„დღეს ქალბატონმა სალომემ ყველას ერთად „მჭლე“ სამიანი დაგვიწერა. გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით. გამოსავალიც გვაჩვენა. თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, მე მგონი შევძლებთ შევასრულოთ ჩვენი როლი და დანიშნულება ამ მძიმე ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა. არა მგონია, რომ ჩვენ გვჭირდებოდა შეხსენება, რომ ასეთ საგანგებო ვითარებაში, ოკუპაციის პირობებში, საგანგებო პირობებში გვმართებს ერთიანობა და არა ის, რაც ჩვენ დაგვემართა ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ეს დიდი პრობლემის ნაწილია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ცხოვრებას არასახელმწიფოებრივ სივრცეში, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავამკვიდრეთ ის, რისი მეთაურიც გვესტუმრა დღეს საქართველოს პარლამენტში, ანუ სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ინსტიტუტებით, რომელშიც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ მისი პრეზიდენტი უცხოეთში მიემგზავრებოდეს და არა თუ ნებართვას არ აძლევდეს ვინმე, არამედ პრემიერი და პრეზიდენტი რამდენიმე საათს არ მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ საერთო საქმე გააძლიერონ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სისტემაა შესაცვლელი და სისტემური ცვლილებაა საჭირო.

„ის, რომ ჩვენ სახელმწიფო ვერ დავამკვიდრეთ. ეს მხოლოდ ბოლო 10 წელიწადში არ მომხდარა. არც იმის წინა 9 წელიწადში, არც იმის წინა 8 წელიწადში, ეს უნდა გავიაზროთ ყველამ, რომ სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივ მოვლენად იქნება რომ პრემიერს არ ეცლება პარლამენტში მოსასვლელად, ჩვეულებრივი მოვლენა იქნება - უმრავლესობა ჩაკეტავს შემოსასვლელ დარბაზს, ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ ოპოზიცია მუხლჩაუხრელი მუშაობის ნაცვლად პარლამენტში მთელი წელი ხან არ შემოსვლის, ხან შემოსვლის და ხან არ გასვლის გამართლებაში იქნება და ვერ შედგება ინსტიტუციურად პარლამენტი. ჩვეულებრივ მოვლენად იქნება ის, რომ მრავალპარტიულობის დამკვიდრების ნაცვლად ჩვენთან იმართება მრავალი პარტიის შეჯიბრი ერთპარტიულობის ხელში ჩასაგდებად, ერთპარტიული ძალაუფლების მოსაპოვებლად და მერე მისი ხელიდან აღარ გასაშვებად. ჩვეულებრივ ამბად იქნება ის, რომ ხელისუფლება იქნება ჩათვლილი აბსოლუტურ ხელისუფლებად, რომელიც შეიძლება აბსოლუტურად გამოიყენო მომდევნო არჩევნებში საკუთარი გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

სისტემაა შესაცვლელი და პრეზიდენტის მოხსენებაში შევიტანდი ამ დამატებას, რომ სისტემურ ცვლილებას სჭირდება სისტემური მიდგომა. ერთ კონკრეტულ საკითხში მეც დავუწერდი სამიანს ქალბატონ პრეზიდენტს, იმიტომ, რომ მტრობამ, შუღლმა, ურთიერთგაუტანლობამ, შავმა პიარმა ამ ქვეყანაში ისტორიულმა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მიაღწია. ასეთი ამბები მერე აღარ იკარგება, ილექება საზოგადოებაში, ადამიანებში, პოლიტიკოსებში. ამიტომ გავუფრთხილდეთ ჩვენ ყოველ სიტყვას, ყოველ ქმედებას ახლა მაინც, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანას ემუქრება არა მხოლოდ უზარმაზარი საფრთხეები, არამედ გაუჩნდა უზარმაზარი შანსებიც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.