მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინსტიტუტს ვანგრევთ - უსუფაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, სებ-ის კანონზე ბოლომდე ღიად ისაუბროს

64886a62dc3eb
მარიამ ვარადაშვილი
13.06.23 17:11
976
სტატიაში საუბარია:
პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს ბოლომდე ღიად ისაუბროს ეროვნული ბანკის კანონთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში უსუფაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტსაც მოუწევს გაიზიაროს პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგებზე. პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას უსუფაშვილმა ასევე თქვა, რომ ეროვნული ბანკის საკითხზე პრეზიდენტს არცერთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასთან არ ჰქონია კონსულტაცია, გარდა მმართველი პარტიისა.

“ამ კანონის მიზანი იყო საკადრო საკითხების მოგვარება, რაც ვერ მოგვარდა პრეზიდენტთან კონსულტაციით, თუ რაღაცით. ახლა ვუბრუნდებით ამას და ინსტიტუტს ვანგრევთ. ამაზე სავალუტო ფონდის წარმომადგენელი უპრეცედენტოდ პირდაპირ გველაპარაკება. ან გვითხარით, რა ხდება, ან გაიზიარეთ პასუხისმგებლობა ორივე მხარემ, რასაც ეროვნულ ბანკს უშვრებით”,-ამბობს უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ 23 თებერვალს დადებული ვეტოს დაძლევას და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება. 

კანონში არსებული ეს ჩანაწერი პირდაპირ მიემართება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს, რომელიც ამჟამად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსურულებელია. მას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ არჩილ მესტვირიშვილს სებ-ის საბჭოში გაუვა ვადა, ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთ ვიცე-პრეზიდენტს დანიშნავს.
4 ვიცე-პრეზიდენტს შორის სებ-ის საბჭო აირჩევს პირველ ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც. IMF პრეზიდენტის ვეტოს მიესალმა.


ვრცლად ამ თემაზე: "ოცნება" სებ-ზე პრეზიდენტის და IMF-ის მიერ დაგმობილ კანონს მიუბრუნდა - რა სურს მთავრობას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები