21.თებერვალი .2020 13:24

პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრების ნებართვა მისცა

views 271
უკან

მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, ე.წ. "ფულის გათეთრების" საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრების ნებართვა მისცა. 

"ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბრალდებულის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა, რომ, ავთანდილ წერეთელი ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ გუშინ გაემგზავრა და იქ 9 მარტის ჩათვლით დარჩება.

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ, კერძოდ კი, ისრაელში წასვლის ნებართვა პროკურატურამ იანვრის თვეშიც დართო. მაშინ წერეთელი სამკურნალოდ 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ავთანდილ წერეთელი, რომელიც „tv პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამაა, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, რის გამოც, ის სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. 

პროკურატურა ავთანდილ წერეთელს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.