მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პურის 10 თეთრით გაიაფების საშუალება ახლა არის“ - პურის მრეწველთა კავშირი

642ab5c0aa28b
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.23 15:22
1185
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პურის გაიაფების პოზიტიური მოლოდინები დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოთქვა და აღნიშნა, რომ ამის საფუძველს ფქვილის ფასის შემცირება წარმოადგენს.

BM.GE-მ პურის მწარმოებელთა ბიზნესგაერთიანების - პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელს მიმართა და ჰკითხა - გაიაფდება თუ არა პური და თუ კი, როდიდან, რაზეც მალხაზ დოლიძემ განაცხადა, რომ პური 10 თეთრით გაიაფდება, თუმცა რამდენ ხანში, ეს ვერ დააკონკრეტა.

„პურის 10 თეთრით გაიაფების საშუალება ახლა არის, პურის ფასის შემცირების შესაძლებლობას ფქვილის გაიაფება გვაძლევს. გასულ კვირას თუ ერთი ტომარა ფქვილი 57 ლარი ღირდა, ახლა 53-54 ლარი ღირს. გასულ წელს კი ფქვილის ღირებულება 70 ლარი იყო. ფქვილის იმპორტის ზრდა და წელს ფასის შემცირება იძლევა ამის საშუალებას, რომ პური გაიაფდეს“, - განმარტა დოლიძემ.

პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელმა ისიც თქვა, რომ მწარმოებელთა მხრიდან შემცირებული ფასით მიწოდების შემდეგ პური მაღაზიებმაც დაბალ ფასად უნდა გაყიდონ.

„ვაჭრობას უნდა გაფრთხილება, ჩვენ მაღაზიებთან ხელშეკრულებები გვაქვს დადებული და ამ ხელშეკრულების ცვლილებას დაახლოებით 10 დღე უნდა. ზუსტად ვერ გეტყვით. დარგის წარმომადგენლები შევხდებით, ერთმანეთს დაველაპარაკებით და ჩამოვყალიბდებით.

შეიძლება მეწარმემ ფასი შეამციროს, მაგრამ მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ ქირაობენ ფართებს, ხარჯები აქვთ და ის თუ დააკლებს, ეგ არ ვიცით. ჩვენ 10 თეთრს რომ დავაკლებთ, შეიძლება იმან არ გამოხატოს ეს ფასში - ესაა მთავარი“, - განაცხადა დოლიძემ.