მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ იბარებენ წისქვილები ხორბალს შეთანხმებულ 70 თეთრად?

64b0050c2e6d4
ელენე გოგბერაშვილი
13.07.23 18:39
1872
მეხორბლე ფერმერები მოსავლის დიდ ნაწილს ვერ ყიდიან, რადგან წისქვილკომბინატები ხორბალს იმ ფასად არ იბარებენ, როგორც ეს მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების პირობაში იდო. მიზეზი ისაა, რომ ძველი მოსავლის მხოლოდ 10% აკმაყოფილებდა სასურსათო დანიშნულებით გამოყენებისთვის მოთხოვნებს. პრობლემაა ისიც, რომ ახალი მოსავლის რეალიზაციაც საფურაჟე დანიშნულებით უწევთ, რადგან უხვი ნალექის გამო იმ ხარისხის პროდუქტი ვერ მიიღეს, რაც ფქვილის საწარმოებლად გამოიყენება.

იმის გამო, რომ ფერმერებს ხორბლის ძველი მოსავლის რეალიზაცია შეძლებოდა, წისქვილები კი ამუშავებულიყვნენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 ივნისიდან რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე 200 ლარიანი დროებითი მოსაკრებელი დაწესდა. სანაცვლოდ წისქვილებმა აიღეს ვალდებულება, რომ ფერმერებისგან 1 კილოგრამ სასურსათო ხორბალს 70 თეთრად შეიძენდნენ.

როგორც მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, ეს კალკულაცია იმ პირობით შედგა, თუ მათ მიერ წარმოებულ ფქვილს, პურის ქარხნები 52 ლარის ფარგლებში ჩაიბარებდნენ. დღეს კი მეპურეები ფქვილს 47 ლარის ფარგლებში ყიდულობენ. ფერმერები პირობის შეუსრულებლობაში წისქვილებს, წისქვილები კი მეპურეებს ადანაშაულებენ.

„შეთანხმება იყო სამმხრივი. ეს იყვნენ პურის მწარმოებლები, წისქვილკომბინატები და მემარცვლეები. შესაბამისად, ეს პროცესი როცა დაიგეგმა და შეთანხმება შედგა და გადაწყვეტილება გამოცხადდა, აქ იყო ლაპარაკი არამარტო ხორბლის 70 თეთრად ჩაბარებაზე წისქვილკომბინატების მხრიდან, არამედ საუბარი იყო პურთან მიმართებაში პირველი ხარისხის ფქვილის საორიენტაციო ფასზე, რომელიც ბაზარზე იქნებოდა. ეს იყო გათვლა პურის ქარხნების, შესაბამისად დასახელდა დაახლოებითი ფასი 52 ლარი ერთ ტომარა ფქვილზე. შესაბამისად 52 ლარიდან დაითვალა წისქვილკომბინატების კალკულაცია და ამის შემდეგ განვაცხადეთ თანხმობა სასურსათო ხორბლის 70 თეთრად მიღებაზე. შესაბამისად დღეს თუ შევხედავთ ბაზარს, იქიდან მოყოლებული ფასი 47 ლარს არ აცდენილა ერთ ტომარაზე, აქედან გამომდინარეა ის, რომ პროცესში არ მონაწილეობენ დღეს პურის ქარხნები, როგორც ფქვილის მიმღები 52 ლარის ფარგლებში. თითქმის ერთი თვეა გასული და ჩვენ ველოდებით, რომ ფასი გასწორდება ისე როგორც დაანონსეს და თავისი გათვლები წარმოადგინეს პურის მწარმოებლებმა“,-აცხადებს ლევან სილაგავა.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელისთვის მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებები მიუღებელია. როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, მეპურეები ფქვილს ყიდულობენ იმ ფასად, რა ფასადაც წისქვილკომბინატები აწვდიან.

„როგორც რეალობამ გვაჩვენა, ბევრი საფურაჟეა ხორბალია, რომელიც პურის ცხობისთვის გამოუსადეგარია. პურის მცხობელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფქვილი, რომ აწარმოოს პური. თითის გაშვერა და ასეთი არაპროფესიონალიზმი როგორ შეიძლება! უნდა იყოს რეალურად დახატული სურათი, რაშია საქმე, თუნდაც იმ ფერმერისგან რატომ არ იბარებენ იმ ფასად, როგორადაც უნდა ჩაიბარონ? ფერმერებს უთხრეს, რომ 45 თეთრზე მეტად ვერ ჩაიბარებენ ხორბალს, ეს ხორბალი კიდევ ვერ პასუხობს პურის ცხობის მოთხოვნებს.

პურის მცხობელები ყოველთვის ასრულებდნენ თავის სიტყვას. ლაპარაკი იმაზე, რომ ამის ბრალია თუ იმის, გამორიცხული თემაა.

ნათქვამი ხომ იყო 52 ლარი, მაგრამ ფქვილი იყიდებოდა 49-50 ლარად წისქვილების მხრიდან. მათ შორის აზერბაიჯანული კარმენი დღესაც ყიდის ამ ფასად ფქვილს. ჩვენ ხომ არ ვეტყვით გაგვიძვირეთ ძალად და მოგვეცი ამ ფასად?! რა ფასადაც გვაწვდიდნენ, იმ ფასად ვყიდულობდით. საბაზრო ეკონომიკაა ბოლოს და ბოლოს, უნდა შეესაბამებოდეს ფასი ხარისხს. ჩვენ არაფერი დაგვირღვევია, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სიტყვას და მივესალმებოდით, თუ ქართული ფქვილი იქნებოდა შესაბამისი. ჩვენ დღესაც მზად ვართ მივიღოთ ეს ფქვილი“,-აცხადებს bm.ge-სთან მალხაზ დოლიძე.

მეხორბლე ფერმერების კიდევ ერთი მოთხოვნა იყო მთავრობას გადასახადი დაეწესებინა საფურაჟე ხორბალზე. იმის გამო, რომ უხვი ნალექის გამო კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, ფერმერებს ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით უწევთ. მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფერმერების ხელშეწყობის მიზნით 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე დაღერღილი ხორბლის იმპორტი აიკრძალება.

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მეხორბლე ფერმერების საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება. როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, მიიღეს იმის დაპირებაც, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის გადახედვის საჭიროებას შეისწავლიან, ფერმერებს კი საბანკო სექტორთან ვალდებულებების გადავადების საკითხზე უშუამდგომლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები