დღეს, ქვეყანაში ხორბლის მაღალი მარაგები გვაქვს და ფასებთან დაკავშირებული მდგომარეობაც სტაბილურია, - ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა“ ლევან სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.
"ქვეყანაში, ბოლო თვეების განმავლობაში, ხორბლის ფასებთან დაკავშირებით მდგომარეობა სტაბილურია. საკმაოდ მაღალი მარაგები გვაქვს, ვინაიდან სტაბილურად შემოდის ხორბალი და ფქვილი. ადგილზე ასევე არის გარკვეული რაოდენობის ქართული ხორბალიც და სტაბილურობაც შენარჩუნებულია.
მსოფლიო ბაზარზეც იგივე მდგომარეობაა, მოსავლის რაოდენობა არის ჭარბი, მაგალითად რუსეთში. გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ანალიტიკაც, საიდანაც ვიგებთ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც მსოფლიოს ხორბალს აწვდიან, გარკვეული მარაგები არსებობს და მოსავლიანობის მოლოდინიც აქვთ", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელი რუსეთია. 2023 წელს საქართველოში ხორბლის იმპორტის მოცულობა გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 57 მილიონ 673 ათასი დოლარის ღირებულების 222 061 ტონა ხორბალი შემოვიდა. ხორბლის იმპორტის მოცულობის 20.6%-იანი ზრდის მიუხედავად, ღირებულება წლიურად 11.1%-ით შემცირდა, რაც მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირებამ განაპირობა.