ფქვილის მწარმოებლები შიშობენ, რომ ხორბლის იმპორტზე 100-ლარიანი ბაჟის დაწესებით, არსებობს საფრთხე, საქართველოში კვლავ გააქტიურდეს იაფი რუსული ფქვილის იმპორტი, რამაც შესაძლოა ადგილობრივი წისქვილკომბინატების გაჩერება გამოიწვიოს როგორც ეს 2022 წელს მოხდა.
კომპანია “ბარაქას” გენერალური დირექტორის თქმით, ხორბლის იმპორტზე გადასახადი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა, შესაბამისად დაახლოებით 2 კვირაში გამოჩნდება, რამდენად წაახალისებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთიდან ფქვილის აგრესიულ იმპორტს.
“სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ქართველი ფერმერებისთვის გაეწია შეღავათი და შემოიღო საიმპორტო გადასახადი. ფერმერების დახმარებას ჩვენ ყოველთვის მივესალმებით და რაღაც ტიპის დახმარება აუცილებელიც იყო ფერმერებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რა შედეგს მოიტანს ეს გადაწყვეტილება და რამდენად დაეხმარება ფერმერებს.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს 100-ლარიანი ბაჟი საკმაოდ ამცირებს ფქვილზე დაწესებულ გადასახადს. 100-ლარიანი ხორბლის საიმპორტო გადასახადი ფქვილზე რომ გადმოვიტანოთ პირდაპირ პროპორციულად, დაახლოებით 140 ლარი გამოდის და ტომარაზე დღგ-ის დანამატით, 8.50 ლარით გვიძვირდება თვითღირებულება. ერთი ტომარა 50-კილოგრამიან ფქვილზეა საუბარი.
აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი რისკია, რომ რუსული ფქვილი უკვე საკმაოდ კონკურენციაში მოდის ქართველ მწარმოებლებთან. აქ არაა საუბარი მხოლოდ ხორბლის ექსპორტზე. ორიენტირებულები არიან, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გაყიდონ, იქიდან გამომდინარე, რომ საექსპორტო ბაზარი ფაქტობრივად დაკეტილი აქვთ. შესაბამისად, თუ გაგახსენდებათ, მაგალითად, 2022 წელს დაახლოებით 200,000 ტონა ფქვილი შემოვიდა საქართველოში და ფაქტობრივად, გაჩერებულები ვიყავით წისქვილკომბინატები. ზუსტად ამის გამო მოხდა შემდეგ ფქვილზე გადასახადის დაწესება, რაც დღესაც მოქმედებს.
ხორბლის იმპორტზე გადასახადი ძალაში შევიდა 1 ოქტომბერს. ვფიქრობ, დაახლოებით 2-3 კვირაში უკვე დაეტყობა ბაზარს და თვითონ სტატისტიკასაც.
ვთვლი, რომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სტატისტიკური მონაცემები როგორც კი გაიზრდება, ისე არ მოხდეს, რომ შემდეგ მოგვიწიოს წისქვილების გაჩერებაც და ფერმერებიც ისე დარჩნენ”,-აცხადებს ლადო ბიძინაშვილი “საქმის კურსთან” ინტერვიუში.
გადასახადის დაწესებამდე დაბალი ფასიდან გამომდინარე საქართველოში ძირითადად რუსული ხორბალი შემოდიოდა, ფქვილის შემოტანა კი წლის პირველი 8 თვის მონაცემებით თითქმის 3-ჯერ იყო შემცირებული. საქსტატის სტატისტიკა აჩვენებს, რომ თუ გასული წლის 8 თვეში ქვეყანაში 49,9 მილიონი დოლარის ღირებულების 191 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, წელს 8 თვეში ეს მაჩვენებელი 261 ათას ტონას აჭარბებდა, რაშიც ქვეყანამ 65,9 მილიონი დოლარი გადაიხადა.
























