წისქვილკომბინატების ნაწილში აცხადებენ, რომ წლევანდელი მოსავლის ფარგლებში სასურსათო ხორბლის მოცულობა საკმაოდ მცირე იყო.
როგორც BMG-ის “ბარაქაში” განუცხადეს, წისქვილკომბინატებმა წლევანდელი სასურსათო ხორბლის თითქმის სრული მოსავალი, 3000 ტონა უკვე ჩაიბარეს.
“ბარაქას” გენერალური დირექტორის, ლადო ბიძინაშვილის განცხადებით, წლევანდელი მოსავლის მთლიანი მოცულობა 150-180 ათასი ტონი ფარგლებში იყო.
“სასურსათო ხორბლის მოცულობა ძალიან მინიმალური იყო წლევანდელი წლის მოსავალში. მიუხედავად იმისა, რომ ფასით კონკურენტული არ იყო, დაახლოებით 3000 ტონამდე [ადგილობრივი] ხორბალი ჩავიბარეთ ჯამურად, რომელიც ფაქტობრივად დარჩენილი სასურსათო ხორბლის 100% იყო. შეიძლება დარჩენილი იყოს ძალიან მიზერული რაოდენობა, რომელიც თვითონ ბაზარზე უკვე ვერანაირ ცვლილებას ვერ მოახდენს. აქედან გამომდინარე, ხორბლის იმპორტზე დაწესებული 100-ლარიანი გადასახადი, თვითონ წისქვილებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ სასურსათო ხორბალი ფიზიკურად საქართველოში აღარ არსებობს, ვერანაირ გავლენას ვეღარ მოახდენს. ფიზიკურად აღარ არის ქართული ხორბალი, რომელსაც გარკვეული მონაცემები. უბრალოდ გვიწევს ყოველ იმპორტირებულ ერთ ტონა ხორბალზე 100 ლარის გადახდა”, - განაცხადა ლადო ბიძინაშვილმა
ამასთან, “ბარაქაში” აცხადებენ, რომ შედარებით დაბალი თვითღირებულებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ხორბლის მთავარ მომწოდებლად რუსეთი რჩება.
“ხორბლის იმპორტს რაც შეეხება, ჩვენი ძირითადი ბაზარი არის ორი მიმართულება, რუსეთი და ყაზახეთი. შარშანწინ ყაზახეთის სახელმწიფომ დაასუბსიდირა ხორბლის ექსპორტი და საკმაოდ მიმზიდველი იყო იქიდან იმპორტი. მაგრამ წელს ფასთაშორის სხვაობა საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, დღევანდელი იმპორტის დაახლოებით 99% მაინც რუსეთზე მოდის, იქიდან გამომდინარე, რომ თვითღირებულება საკმაოდ დაბალია”, - განაცხადა ლადო ბიძინაშვილმა.
























