მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მგონია, ყაზახური ხორბალი კონკურენციას გაუწევს რუსულს” - ყაზახეთი მარცვლეულის ექსპორტს წელსაც დაასუბსიდირებს

ბარაქა

ყაზახეთი 2026-2027 მარკეტინგული წლისთვის მარცვლეულის ექსპორტიორებისთვის ტრანსპორტირების სუბსიდიებს გააგრძელებს. ყაზახეთის მთავრობამ 2026 წლის მოსავლისთვის მარცვლეულის შესყიდვის ფასებიც დაადგინა, რაც მესამე კლასის ხორბლისთვის, ხარისხის მიხედვით ტონაზე 92,000 (540 ლარი)-დან 115,000 ( 678,5 ლარი) ტენგემდე მერყეობს.

ქართული წისქვილკომბინატების მოლოდინია, რომ ხორბლის გარკვეული მოცულობების იმპორტი ყაზახეთიდანაც გახდება შესაძლებელი. “ბარაქას” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ყაზახური ხორბალი სავარაუდოდ რუსულს ფასით კონკურენციას გაუწევს.

“ახლახან გამოაცხადეს სუბსიდირება. კონკრეტულად, რა იქნება დასუბსიდირებული, რა მოცულობით, არ ვიცით, მაგრამ მგონია, რომ რაღაც მომენტში ყაზახური კონკურენციას გაუწევს რუსულ ხორბალს”,-აცხადებს "საქმის კურსთან" კომპანია “ბარაქას” გენერალური დირექტორი.

ყაზახეთმა რეალიზაციის ხელშეწყობისთვის ხორბლის ექსპორტი გასულ წელსაც დაასუბსიდირა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ტენგე გამოყო.

წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ძირითადად რუსული ხორბლის იმპორტი ხორციელდება. საქსტატის სტატისტიკა აჩვენებს, რომ თუ გასული წლის 8 თვეში ქვეყანაში 49,9 მილიონი დოლარის ღირებულების 191 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, წელს 8 თვეში ეს მაჩვენებელი 261 ათას ტონას აჭარბებდა, რაშიც ქვეყანამ 65,9 მილიონი დოლარი გადაიხადა.

გარკვეული მოცულობების იმპორტი განხორციელდა ყაზახეთიდანაც. 2026 წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ყაზახეთიდან საქართველოში ჯამში 2 მლნ დოლარის ღირებულების, 8 678 ტონა ხორბალი შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები