მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული თაფლი, მწვანე ჩაის და სხვა პროდუქტები თურქეთში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გავა

61c7108f6cd47
დავით ჯალაღონია
25.12.21 16:50
4504
საქართველოსა და თურქეთს შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ფართოვდება. საქართველოში თაფლის, ხილის წვენებისა და ჯემების, კონსერვების, ჩირეულის, მწვანე ჩაის და სოფლის მეურნეობის სხვა მთელი რიგი პროდუქციის მწარმოებლები შეძლებენ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეიტანონ ან გაზარდონ პროდუქცია თურქეთის ბაზარზე. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის დელეგაციებს შორის შედგა, რომლის მიზანი სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაცია იყო. შეხვედრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ორმხრივი ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში 2016 წლიდან მიმდინარეობდა. დელეგაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ ხელმძღვანელობდნენ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, 2022 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომლის დროსაც შეთანხმების ტექსტში ცვლილები ოფიციალურად შევა.

"დელეგაციების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ორმხრივი ერთობლივი კომიტეტის ფორმატის მნიშვნელოვან მიღწევას - 2021 წლის აპრილში საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამმხრივ ვაჭრობას და ხელს შეუწყობს ექსპორტის სტიმულირებას ახალ სექტორებში.

აღინიშნა, რომ მხარეები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომსახურებით ვაჭრობაზე გავრცელების მიზნით. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტრანსპორტის, ფიზიკურ პირთა გადაადგილებისა და ელექტრონული კომერციის მომსახურების დანართის ტექსტები.

მხარეთა გადაწყვეტილებით, კომიტეტის მომდევნო შეხვედრამდე მოლაპარაკებები ექსპერტების დონეზე გაგრძელდება", – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები