საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია. ამ ქვეყანასთან წელს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში მეზობელ ქვეყანასთან ვაჭრობამ 1,38 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,22 მლრდ დოლარი იყო. გასული წლის ჯამური სავაჭრო ბრუნვა კი 3,1 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც მცირედით შემცირებული მაჩვენებელია 2024 წელთან შედარებით. წლევანდელი ვაჭრობის სტატისტიკა კი გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ წლის ბოლოს ჯამურად ზრდა დაფიქსირდება.
რას ვყიდულობთ თურქეთში?
წელს, 5 თვეში საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი საიმპორტო ბაზარი თურქეთია, საიდანაც მიმდინარე პერიოდში 1 161 988 700 დოლარის ღირებულების საქონელი შევიძინეთ.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ თურქეთიდან ყველაზე დიდი მოცულობით ენერგორესურსები, მედიკამენტები, სამშენებლო და სამრეწველო მასალები, ავტომობილები და საყოფაცხოვრებო პროდუქცია შეიძინა.
იმპორტში ლიდერ პოზიციაზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 84.4 მილიონი დოლარის ღირებულებით, ხოლო მეორე ადგილზეა მედიკამენტები – 81.4 მილიონი დოლარით. სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების პროდუქციიდან ყველაზე დიდი მოცულობით შემოვიდა ნახშირბადიანი ფოლადის წნელები – 51.3 მილიონი დოლარის, შავი ლითონის მილები და პროფილები – 23.1 მილიონი დოლარის, შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები – 18.4 მილიონი დოლარის, მერქან-ბურბუშელის ფილები – 17.3 მილიონი დოლარის, ხოლო ალუმინის წნელები და პროფილები – 16.4 მილიონი დოლარის ღირებულებით.
ამავე პერიოდში თურქეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 28.5 მილიონი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, საქართველომ თურქეთში სარეცხი და საწმენდი საშუალებები შეიძინა 22.8 მილიონი დოლარის, ხოლო ავეჯი და მისი ნაწილები 18.2 მილიონი დოლარის ღირებულებით.
რას ვყიდით თურქეთში?
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან თურქეთში ყველაზე დიდი მოცულობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, რომლის ექსპორტის ღირებულებამ 64.2 მილიონი დოლარი შეადგინა.
ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო მიმართულებაა ტანსაცმელი და ტექსტილის ნაწარმი. მათ შორის, მაისურების, თბილი კვართებისა და სხვა ნაქსოვი ტანსაცმლის ექსპორტმა 41.3 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე, თურქეთში გავიდა მამაკაცისა და ბიჭების ნაქსოვი კოსტიუმები და კომპლექტები 6.6 მილიონი დოლარის, ნაქსოვი პერანგები და კვართები 6.4 მილიონი დოლარის, ხოლო სხვა ტიპის მამაკაცის კოსტიუმები და კომპლექტები 6.2 მილიონი დოლარის ღირებულებით.
ექსპორტში მნიშვნელოვანი წილი უკავია მეტალურგიულ პროდუქციასაც. კერძოდ, ფეროშენადნობების (ფოლადის წარმოებისთვის საჭირო შენადნობები) ექსპორტმა 22.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე, თურქეთში გავიდა სპილენძის ჯართი 13.4 მილიონი დოლარის, ალუმინის ჯართი 10.1 მილიონი დოლარის, ხოლო დაუმუშავებელი ალუმინი 4.7 მილიონი დოლარის ღირებულებით.
გარდა ამისა, საქართველომ თურქეთში გაიტანა სპეციალური დანიშნულების სამრეწველო მანქანები და მექანიკური მოწყობილობები, რომელთა ექსპორტის ღირებულებამ 3.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები:
2026 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში 54 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა.
ბოლო წლების სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ თურქეთიდან გზავნილების მოცულობა შედარებით სტაბილურია. კერძოდ, 2025 წელს საქართველოში თურქეთიდან 113 მილიონ დოლარზე მეტი გამოიგზავნა, 2024 წელს - 101.4 მილიონი დოლარი, 2023 წელს კი გზავნილების მოცულობამ 114 მილიონ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება 2022 წელს, ამ პერიოდში თურქეთიდან 101 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, ხოლო 2021 წელს მაჩვენებელმა 104.4 მილიონი დოლარი შეადგინა.
FDI:
2026 წლის პირველ კვარტალში თურქეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) წმინდა მაჩვენებელმა უარყოფითი -27.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება წინა წლების დინამიკას, თურქეთიდან FDI მნიშვნელოვნად ცვალებადია, თუმცა ბოლო წლებში, წლიურ მაჩვენებლებში ძირითადად პოზიტიურ ნიშნულზე რჩებოდა. კერძოდ, 2025 წელს თურქეთიდან საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებმა 180.7 მილიონი დოლარი შეადგინა, 2024 წელს – 110.2 მილიონი დოლარი, ხოლო 2023 წელს – 107.1 მილიონი დოლარი. 2022 წელს მაჩვენებელი 56 მილიონ დოლარს უტოლდებოდა, ხოლო 2021 წელს – 96.9 მილიონ დოლარს.
ტურიზმი:
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში თურქეთიდან საქართველოში 238,368 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 225,265 ვიზიტორთან შედარებით ზრდას წარმოადგენს.
სტატისტიკის მიხედვით, თურქეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა წლიურად 5.8%-ით არის გაზრდილი, რაც ამ ბაზრის გაძლიერებულ აქტივობაზე მიუთითებს. ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თურქეთი საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით პირველ ადგილზეა. მას მოსდევს რუსეთი, საიდანაც ამავე პერიოდში საქართველოში 230,717 ვიზიტი დაფიქსირდა.




























