მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წარმოების დრონს 350 კგ მართვადი შეიარაღების ტარება და ჯავშანტექნიკის განადგურება შეეძლება

600eb060ce746
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.21 15:50
20544
ქართული წარმოების დრონს 350 კილოგრამის შეიარაღების ტარება, ჯავშანტექნიკისა და შენობა-ნაგებობების განადგურება შეეძლება - პროექტირების ფაზაში მყოფი სამხედრო დანიშნულების დრონის "T-31"-ის შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში კომპანია Tam Management-ის დირექტორის მოადგილემ მიხეილ როგავამ ისაუბრა. მისი თქმით, ხომალდს სადაზვერვო კონფიგურაციით 72 საათის განმავლობაში უწყვეტად ფრენა შეეძლება.

Tam Management-ის საავიაციო საწარმო სამხედრო და სადაზვერვო დანიშნულების უპილოტო ხომალდის შექმნაზე გასული ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახალ დრონს კომერციალიზაციის კარგი შესაძლებლობები ექნება და მისი მახასიათებლებით უცხოელი მყიდველებიც უნდა დაინტერესდნენ.

"ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ ორი წლის წინ, როდესაც ჩვენი გუნდი შეიკრიბა და განვსაზღვრეთ კომპანიისთვის პოტენციურად ყველაზე მომგებიანი და საინტერესო პროექტები. დავინახეთ წარმატების შესაძლებლობა უპილოტო თვითმფრინავების მიმართულებით, რადგანაც არსებობს დრონების საბრძოლო ველზე გამოყენების არაერთი წარმატებული მაგალითი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მიგვეღო მონაწილეობა და შეგვექმნა ისეთი კონცეპტი, რომლის წარმოების როგორც მატერიალური, ასევე ინტელექტუალური შესაძლებლობა გაგვაჩნია", - განაცხადა მიხეილ როგავამ.

კითხვაზე, თუ რა ინვესტიცია დასჭირდება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების დაწყებას, მიხეილ როგავა პასუხობს, რომ ეს დაკვეთის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, როგავა ამბობს, რომ კომპანიის პრიორიტეტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ამ პროექტის შექმნა წარმოადგენდა.

“ინვესტიციის ოდენობა გააჩნია პირველი დაკვეთიდან და პოტენციური მყიდველის სურვილიდან გამომდინარე, თუ რა შესაძლებლობები სურს მას, რომ დრონს ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, იქნება განსაზღვრული ინვესტიციის რაოდენობა.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დრონი თავისი ფასიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი შენაძენი იქნება.

ჩვენი დრონი არის, პირველ რიგში, სამხედრო დანიშნულების მას შეეძლება სადაზვერვო მისიები შეასრულოს, აგრეთვე განახორციელოს საზღვრების კონტროლი და გაუწიოს დახმარება საარტილერიო ქვედანაყოფებს საბრძოლო ველზე, რათა მიზნის კორექტირება მოახდინოს.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ დროს შეეძლება სადაზვერვო კონფიგურაციით 72 საათი იფრინოს დამატებითი საწვავის ავზებით. აგრეთვე, მას შეუძლია 350 კილოგრამი შეიარაღების ტარება, რომელიც არის მართვადი და არამართვადი და შეუძლია გაანადგუროს მეტოქის, როგორც ცოცხალი ძალა აგრეთვე ჯავშანტექნიკა და შენობა-ნაგებობებიც. გათვალისწინებულია, რომ მას ექნება თანამედროვე სანავიგაციო მოწყობილობები, აგრეთვე სამიზნე ოპტიკური სისტემა და შეუძლია იყოს ერთ-ერთი დომინანტი საბრძოლო ველზე. ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის შეგვექმნა ეს პროექტი", - აცხადებს მიხეილ როგავა.

საავიაციო საწარმო Tam Management-ი სამოქალაქო ავიაციისთვის განკუთვნილი ხომალდების შექმნაზეც მუშაობს. კომპანიას 2015 წლის შემდგომ “თბილავიამშენის” საწარმოს ნაწილი უზურფუქტით აქვთ აღებული. ამჟამად კი, კომპანიის ძირითად საქმიანობას ვერტმფრენებისა და სამხედრო თვითმფრინავების შეკეთება წარმოადგენს. "T-31"-ის დრონების წარმოების დასაწყებად კომპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური დახმარების იმედი აქვს. 

“კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს სუ-25-ს ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი თავისი სხვადასხვა მოდიფიკაციებით (სუ-25უბ, მოდერნიზირებული სუ-25 „სკორპიონი“ და ა.შ.). აღნიშნულ თვითმფრინავზე, მის მოდიფიკაციებზე და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე (რემონტი, სერტიფიკაცია, ა.შ.) დღეისათვის შენარჩუნებულია მდგრადი მოთხოვნა. კომპანია ასევე ახორციელებს МИ-8, МИ24, МИ-24-В და MИ-24Д სამხედრო ვერტმფრენების რემონტს. 2019 წლიდან შ.პ.ს. „თამ მენეჯმენტმა“ დაიწყო ახალი მომსახურების მიწოდება, რომელიც გულისხმობს L-39 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების რემონტს,” - ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

Tam Management-ს 2019 წლის განმავლობაში კომპანიის საერთო შემოსავალმა 7.1 მილიონი ლარი შეადგინა; ამავე წელს კომპანიის ზარალი 2.8 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები