მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთში შეზლონგის გამქირავებლებისა და კაფეების ნაწილი სახელმწიფო საკუთრებით უფასოდ სარგებლობდა

5e3e9f9a34471
სალომე მეცხვარიშვილი
08.02.20 16:10
1823
ქობულეთში შეზლონგის გამქირავებლებისა და კაფეების ნაწილი სახელმწიფო საკუთრებით უფასოდ სარგებლობდა,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობას ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის 2-დან 11 ივლისის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილი. გამოვლინდა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 13755.6 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (სულ 400 ობიექტი) დაკავებულია პირების მიერ, რომლებიც სეზონურად ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ: პლაჟის ტერიტორიაზე − შეზლონგები, თამარ მეფის ქუჩაზე − კაფებარები, სავაჭრო და გასართობი ჯიხურები, აღმაშენებლის ქუჩაზე − გარე ვაჭრობის ადგილები და სხვ. ამ ობიექტებიდან მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა მხოლოდ 6758 კვ.მ ფართის სარგებლობისათვის გაფორმებული 124 საიჯარო ხელშეკრულება. შესაბამისად, გამოვლინდა 276 შემთხვევა, საერთო ფართით 6997.6 კვ.მ, როდესაც მუნიციპალიტეტის საუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობდნენ პირები, რომელთანაც მერიას არ ჰქონდა გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება და არ იხდიდნენ შესაბამის საფასურს.

„აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ, მერიამ დაიწყო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და შესაბამის პირებთან სეზონური საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება. 2019 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, მერიას აღრიცხული ჰქონდა 492 ობიექტი (15330 კვ.მ). აქედან, გაფორმებული ჰქონდა 270 საიჯარო ხელშეკრულება (12204 კვ.მ). შესაბამისად, აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლენილი გარემოების შემდგომ, მერიამ უზრუნველყო დამატებით 146 სეზონური საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება, რომელთა ღირებულებამ ჯამში შეადგინა 105.5 ათასი ლარი.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, 10 194 ობიექტის შემთხვევაში (2037 კვ.მ), ფიზიკურ პირებს მიეცათ უფლება უსასყიდლოდ ესარგებლათ დაკავებული ტერიტორიით. რაც შეეხება, დარჩენილ 28 ობიექტს (2089 კვ.მ), მერიის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, დამატებით 6 ობიექტთან გაფორმდა შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო დანარჩენ ობიექტებთან განხორციელდა შესაბამისი რეაგირებები.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადამოწმების შედეგად, ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით, გარდა სეზონურისა, მრავალი წლის განმავლობაშიც სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები. კერძოდ: დაბა ოჩხამურის სოფელ ცეცხლაურში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7694 კვ.მ მიწის ნაკვეთით, 2011 წლიდან სარგებლობს 3 პირი. ამ ფართობზე გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები − თხილის და ციტრუსის პლანტაციები. ფართით სარგებლობისთვის მერიას არც მიმდინარე და არც წინა წლებში არ ჰქონდა გაფორმებული შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება“,- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.