მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძირითადი სამხედრო განათლების სარდლობის მიერ დაგეგმილი 419 სასწავლო კურსიდან, 129 - არ ჩატარდა - აუდიტი

სამხედრო განათლება

აუდიტის სახელმწიფო სამსახური სამხედრო განათლების სისტემის ანგარიშს აქვეყნებს, რომლითაც ძირითადი სამხედრო განათლების მიღების პროცესში არსებული შეფერხებები გამოიკვეთა. კერძოდ, აუდიტის ცნობით, 2020-2021 წლებში დაგეგმილი 419 სასწავლო კურსიდან, 129 არ ჩატარებულა.

თავდაცვის ძალებში ძირითადი სამხედრო განათლების მიღების პროცესს უზრუნველყოფს “წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა”, რომლის მიზანია მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადება/გადამზადება, საქართველოს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ადგილობრივი და საერთაშორისო სწავლებების და წვრთნების მხარდაჭერა და მათში მონაწილეობა.

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შემადგენლობაშია 9 სტრუქტურული ერთეული, საიდანაც 7 - საგანმანათლებლო, ხოლო 2 − დამხმარეა.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს დაგეგმილი 222 კურსიდან 64 - არ ჩატარდა, რის მიზეზადაც კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა გახდა. ამასთან, 2021 წელს დაგეგმილი 197 სასწავლო კურსიდან არ ჩატარდა - 65 მათგანი. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ, 2021 წელს, კურსების დაგეგმვისას, პანდემიის ფაქტორი გათვალისწინებული იყო, შესაბამისად, კურსები შედარებით ნაკლები რაოდენობით იგეგმებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მათი 35% არ ჩატარებულა. ამასთანავე, არ ჩატარებულა 2020-2021 წლებში გეგმით გათვალისწინებული 6 სახეობის 13 კურსი.

“კურსების გაუქმების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია კვორუმის არარსებობა, კერძოდ, ქვედანაყოფებიდან ვერ იქნა წარმოდგენილი კურსის განსახორციელებლად საჭირო პირთა მინიმალური რაოდენობა. გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა გადინება/შემოდინება მუდმივი პროცესია, წინასწარ კურსების რაოდენობის ზუსტი და სრული დაგეგმვა ვერ განხორციელდება. თუმცა, ანალიტიკური პროცედურებით გამოვლინდა, რომ შესაძლებელი იყო აუდიტის პერიოდისთვის მოქმედ თავდაპირველ გეგმა-კალენდრებში განხორციელებული ცვლილებების წინასწარ განსაზღვრა იმ შემთხვევაში, თუ პროცესში მონაწილეობას მიიღებდა გენერალურის შტაბის J1 პერსონალის დეპარტამენტი და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი, ვინაიდან აღნიშნული სტრუქტურული ერთეულებისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაძლებელი იქნებოდა თავდაპირველი გეგმა-კალენდრის უფრო სრულყოფილი და ზუსტი შედგენა.

აღნიშნული პროცესი თავისთავად დადებით გავლენას მოახდენს კურსების ჩატარებისთვის საჭირო სახსრების შესაბამისი წლის ბიუჯეტში ასახვაზე”, - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, სამხედრო მოსამსახურეებისათვის წლის განმავლობაში ჩასატარებელი სასწავლო კურსებისა და წვრთნების დაგეგმვისათვის თავდაპირველი გეგმა-კალენდრის შედგენის პროცესში მონაწილეობა მიიღონ გენერალური შტაბის შემადგენლობაში მყოფმა სხვადასხვა სტრუქტურულმა ერთეულმა, რათა წლის განმავლობაში დაგეგმილი კურსები უფრო მეტად იყოს ფოკუსირებული თავდაცვის ძალებისათვის საჭირო შესაბამისი სპეციალისტების (სამხედრო მოსამსახურეების) მომზადებაზე/გადამზადებაზე, რაც საშუალებას მისცემ სამინისტროს სწორად დაგეგმოს საბიუჯეტო პროცესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები