მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2014-2021 წლებში 33 847 დაზარალებულ ფერმერს ₾66.1 მლნ-ის ზარალი აუნაზღაურდა - რა გამოწვევებია აგროდაზღვევაში?

აუდიტი

სახელმწიფო აუდის სამსახურის მიერ ჩატარებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარების და მართვის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2014-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამისთვის 73 მლნ ლარი გამოიყო, თუმცა ის მიზნები, რომლებიც ამ პერიოდისთვის პროგრამას ჰქონდა ვერ შესრულდა.

შესაბამის აუდიტის ანგარიში უწყებამ 2 თებერვალს გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე სოფლის განვითარებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს სოფლის მეურნეობის განვითარება ევროკავშირის პოლიტიკის და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

მათივე შეფასებით, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი სფეროა, რომელზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს ბუნებრივი პირობების ცვალებადობა. სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზიანი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სფეროში ჩართული მოსახლეობის ფინანსურ სტაბილურობას და აგრარული სექტორის განვითარებას.

აღნიშნული რისკებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი კი აგროდაზღვევაა, რომელიც საქართველოში 2014 წლის შემდეგ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა.

„სახელმწიფოს მხრიდან აგროდაზღვევის განვითარების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმამ, სადაზღვევო პროდუქტი ბევრად მეტი ფერმერისთვის გახადა ხელმისაწვდომი. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, რთულია აგრორისკების დაზღვევის სისტემის განვითარება, მხოლოდ კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და ფერმერთა ძალისხმევით, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობა სისტემის განვითარებაში“, - აღნიშნავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2014-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მლნ ლარი გამოიყო და პროგრამაში ყოველწლიურად საშუალოდ 11,7 ათასი ბენეფიციარი მონაწილეობდა, ჯამში − 95 ათასამდე პირი. პროგრამის შედეგად 33 847 დაზარალებულ ფერმერს აუნაზღაურდა 66.1 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურდა, რაც გაცემული სადაზღვევო პრემიის 78%-ია; დადებითი ტენდენციის მიუხედავად, პროგრამა გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, კერძოდ:

„2014-დან 2021 წლამდე დაგეგმილი იყო აგროდაზღვევით სასოფლო-სამეურნეო ფართობების და ფერმერების მოცვის მაჩვენებლების ეტაპობრივი ზრდა, თუმცა დაზღვევადი კულტურების მრავალფეროვნებისა და სახელმწიფო სუბსიდირების მაღალი წილის მიუხედავად, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი პროგრამის ფუნქციონირების განმავლობაში არსებითად არ გაზრდილა. დაზღვეული მიწის ფართობი მთლიანი მოსავლიანი მიწის ფართობის საშუალოდ 5%-ს შეადგენს“, - ნათქვამია პროგრამის აუდიტის ანგარიშში, სადაც განმარტავენ, რომ ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მთლიან სადაზღვევო პორტფელში რამდენიმე ძირითადი რეგიონისა და კულტურის ძალიან მაღალი (71%-იანი) წილია. ეს კი, თავის მხრივ გულისხმობს, რომ კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს მასშტაბით ფერმერებისთვის რელევანტური სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება და რეალიზაცია“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნული, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო სისტემა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება და მისი სრულფასოვანი ამოქმედებისთვის საჭირო ინფორმაციული, ორგანიზაციული და ტექნიკური ბაზის შექმნის პროცესი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები