მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიით მსოფლიოს TOP-5 საპორტო ოპერატორია დაინტერესებული" - ინტერვიუ ვიცე-პრემიერთან

63b7e719bc879
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.23 14:42
1522
გასული წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი, ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერმა 12 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააცხადა და პროექტის ინვესტორი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის პროექტის განხორციელებისას უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

მოგვიანებით ADC მთავრობის მეთაურის განცხადებას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პრემიერის მიერ წარმოდგენილ ანაკლიის პორტის გეგმას წარმატება არ უწერია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს. 
12 დეკემბერს გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო, შესაძლოა, საპენსიო ფონდი ყოფილიყო. ანაკლიის პორტის პროექტი კი, მეორე სიცოცხლის მოლოდინშია. როდის გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა, რომელი საერთაშორისო კომპანიები ინტერესდებიან საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტით და როგორი იქნება 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოს თანამონაწილეობა - ამ და სხვა კითხვებს BMGtv-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უპასუხა.

- საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი, რომ სჭირდება ამაზე ყველა ვთანხმდებით... მეორე მხრივ, მიმდინარეობს საარბიტრაჟო საინვესტიციო დავა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან". ამის გათვალისწინებით, გაქვთ იმედი, რომ ეს პროექტი ამ პირობებში განხორციელდება?

- დიახ, ეს პროექტი განხორციელდება. ჩვენ შემდგომში საშუალება მოგვეცემა, 2023 წელი შევაჯამოთ და ამ მიმართულებით ვნახოთ, რამხელა პროგრესი გვექნება. იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს მშენებლობის დაწყებას შევძლებთ. რა დროსაც გამოირიცხება ყველა ის სკეპტიციზმი, რომელიც ამ პროექტს ახლავს, ამიტომ დაპირებებს სჯობს, შედეგებით ვისაუბროთ; გარწმუნებთ, 2023 წლის ბოლოსთვის ჩვენ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგები გვექნება.

- შეიძლება, რომ სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფომ დაიწყოს და ახალი ინვესტორის მოძიებას არ დაელოდოს?

- დღეს რამდენიმე ინვესტორი გვყავს, რომლებთანაც 2022 წლის განმავლობაში ვსაუბრობდით; ასეთი ინვესტორი ბევრია, ჩვენ უბრალოდ ინტერესთა გამოხატვის გზით იანვარ-თებერვალში შერჩევას გავაკეთებთ და მიმდინარე წელს წინადადებების დაზუსტების ეტაპზე გადავალთ. ვიმედოვნებთ, მშენებლობა 2023 წელს დაიწყება...

- სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროექტის განხორციელებისთვის ჯერ თანხები გამოყოფილი არ არის. რა იგულისხმება ამ სამუშაოებში - გზის და რკინიგზის მიყვანა, თუ უშუალო სამშენებლო სამუშაოებში ფიქრობთ ჩართვას და შესაბამისად, საბიუჯეტო რესურსის დახარჯვას?

- რამდენიმე ვერსია გვაქვს დამუშავებული, განიხილება ვარიანტები, რომ ჩვენ მივიყვანოთ გზა, საქართველოს რკინიგზამ თვითონ დააფინანსოს სარკინიგზო ნაწილი და პროექტში მონაწილეობა მიიღოს, ამიტომ ეს წინადადებების დაზუსტების ეტაპზე გამოჩნდება. ეს ყველაფერი ინტერესთა გამოხატვაში გათვალისწინებულია. საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით, დოკუმენტის მომზადება დასრულებულია და იანვარში გასაჯაროვდება. შემდგომში უკვე 2-3 თვის განმავლობაში წინადადებებს შევაჯერებთ და იმედი მაქვს, ზაფხულში გვეყოლება პარტნიორი, რომელთან ერთადაც პორტის მშენებლობის ეტაპს გამოვაცხადებთ.

- გულწრფელად გჯერათ, რომ საარბიტრაჟო დავის პარალელურად სერიოზული, რეპუტაციული ევროპელი თუ ამერიკელი ინვესტორი ამ პროექტით დაინტერესდება?

- 2022 წლის განმავლობაში მსოფლიოს TOP-10 საპორტო ოპერატორიდან ხუთთან გვქონდა დიალოგი; მათ პროექტში მონაწილეობაზე მზადყოფნა და დაინტერესება გამოთქვეს. მათ საკმაოდ დიდი ინფორმაცია გააჩნიათ, არც უცხოები არიან ამ პროექტთან მიმართებით, ეს არის სინგაპურის პორტის ოპერატორი API, ეს არის დუბაის პორტები, აბუ დაბის პორტების კორპორაცია - პროექტს ყველა იცნობს და გიდასტურებთ, რომ ყველა ოპერატორი ამ პროექტით დღეს დაინტერესებულია, თუმცა ახალი პორტი შეიძლება სულ სხვა კონფიგურაციით მივიღოთ.

- თქვენი აზრით, სახელმწიფოს თანამონაწილეობა არის ერთგვარი არგუმენტი, რომ მთავრობას ნამდვილად სურს, ანაკლიის პორტის აშენება? და ასევე, თუ სახელმწიფო ახლა მზად არის, იყოს 51%-იანი წილის მფლობელი და თანხები გაიღოს, რა პრობლემა იყო 5 წლის ვადით ტვირთბრუნვის 50 მლნ-იანი დაზღვევა, როდესაც ევროკავშირიც და მათ შორის ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც ამ საგარანტიო თანხის გამოყოფაზე მზაობას გამოთქვამდნენ? 

- სურვილების მიუხედავად, ეს საკითხი ტექნიკურად და პროცედურულად არ გამოვიდოდა, რადგან შერჩევის პირობები სხვა იყო და შემდგომში დასმული პირობები - სხვა. აქედან გამომდინარე, შერჩევა უბრალოდ არასამართლიანი იქნებოდა. რაც შეეხება პროექტს, შეიძლება სხვა კონფიგურაციით ეს პროექტი განხორციელებულიყო, რადგან დღეს შუა დერეფნის ინტერესი გაზრდილია.

- და მაინც, საიდან დაფინანსდება პროექტი - ანაკლიის პორტის შემთხვევაში დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს შიდა ვალი, საპენსიო დანაზოგები თუ?...

- საპენსიო ფონდის დანაზოგი საკმაოდ დიდია - 3 მლრდ ლარამდეა და ეს რიცხვი მზარდია, თუმცა გამჭრიახი პოლიტიკის შედეგად, ამა თუ იმ პროექტში მისი დიდი ნაწილის მიმართვა შესაძლებელი არ არის. აქედან გამომდინარე, პროექტებში საპენსიო ფონდის თანამონაწილეობა ლიმიტირებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა. ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში. აღსანიშნია ისიც, რომ ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის მარტშიც ისაუბრა. მაშინ მთავრობის მეთაური აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინვესტორის შერჩევაში საერთაშორისო კონსულტანტი დაეხმარებოდა.