მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"APM თვლის, რომ ამ კანონით ფუნდამენტურად ილახება მათი ინტერესები" – "საზღვაო კოდექსში" ცვლილებების განხილვა გრძელდება

6257cc47b2d54
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.22 11:29
1165
პარლამენტში გრძელდება საზღვაო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელიც საქართველოში მოქმედი პორტების ოპერატორებს, პორტში შესასვლელი არხების დაღრმავებას და ამ არხების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს. ამავე კანონით ახლებურად რეგულირდება პორტის ოპერატორებს - "სანავსადგურე ერთეულებს" შორის ურთიერთობა და ერთ ოპერატორს მეორე ოპერატორისთვის განკუთვნილი გემების გატარებაზე საკომისიოს დაწესება ეკრძალება. 

ინიციატივას ეწინააღმდეგება ფოთის პორტის ოპერატორი APM Terminals-ი, რომლის უფლებებსაც იურიდიული ფირმა BLB წარმოადგენს. დღევანდელ სხდომაზე იურიდიული კომპანიის მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ APM-მა მოამზადა შენიშვნების 17-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც პარლამენტს დღეს გადაეგზავნა. კახა შარაბიძის თქმით, ფოთის პორტის ოპერატორი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მათი ინტერესები ფუნდამენტურად ილახება. 

"დღეს დილით გადმოვაგზავნეთ 17-გვერდიანი დოკუმენტი, რაც არის APM Terminals-ის შენიშვნები. გთხოვთ გაეცნოთ ამ დოკუმენტს და შემდეგ სხდომაზე უფრო საინტერესო იქნება თქვენთვის ამის შესწავლა.

დღევანდელ სესიაზე არ გავიტანთ ამ საკითხს და გავიტანთ შემდეგ სესიაზე. დღევანდელი მოცემულობით მე გავეცანი, კომიტეტის წევრებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ. მეორე მოსმენით სესიის მოსმენაზე ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა რომ გაეცნონ. 10 დღეზე მეტი გამოდის შემდეგ სესიამდე.

ჩვენი მარწმუნებელი არ თვლის, რომ უნდა ჩაერთოს მუხლობრივ განხილვაში. ისინი ფიქრობენ, რომ ამ კანონით ფუნდამენტურად ილახება მათი ინტერესები,"- აცხადებს კახა შარაბიძე. 

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ეს ინიციატივა დღევანდელ კენჭისყრაზე არ გადის და დეპუტატებს კომპანიის შენიშვნების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ, ამ კანონპროექტს დაჩქარებულის სტატუსი ეხსნება.

"დღევანდელ სესიაზე არ გადის ეს კანონპროექტი და გავა შემდეგ სესიაზე, ავტომატურად ეხსნება დაჩქარებული სტატუსი რაზეც თქვენი [APM-ის წარმომადგენლის] წუხილი არსებობდა,"- განაცხადა დავით სონღულაშვილმა. 

ფოთის პორტს APM Terminals-ი 2011 წლიდან მართავს, მის გარდა პოტში სხვა ოპერატორებიც საქმიანობენ, რომლებიც APM-ს საიჯარო გადასახადს უხდიან. მათ შორის უმსხვილესია Pace ჯგუფი, რომელმაც თებერვალში ახალი ტერმინალიც გახსნა.

საზღვაო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, APM-ს არ შეეძლება პორტში სხვა ოპერატორებისთვის შემავალ გემებს დაუწესოს საკომისიო გადასახადი, რასაც კომპანია ეწინააღმდეგება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები