გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც შტაბის მუშაობას, რიგების მართვისა და ყურძნის მიღება-დაბინავების პროცესს გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ვენახების თითქმის ნახევარი უკვე დაკრეფილია და რთველი პიკურ ფაზაშია შესული.
„არსებული მონაცემებისა და საპროგნოზო მოსავლის გათვალისწინებით, წლევანდელი რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მაღალი ხარისხის იქნება. წელს პირველად დანერგილმა ყურძნის ხარისხობრივმა დიფერენციაციამ მევენახეებს დამატებითი მოტივაცია მისცა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ყურძნის ხარისხს, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზე აისახება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სამინისტროს მონაცემებით, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 168 500 ტონა ყურძენი, საიდანაც 99% (166 865 ტონა) მაღალი და საშუალო ხარისხისაა.
გადამუშავებული მოსავლიდან:
- 86,7 ათასი ტონა - საფერავია;
- 70 ათას ტონამდე - რქაწითელი;
- დანარჩენი - სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 12 ათასზე მეტმა მევენახემ უკვე ჩააბარა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი ტარიფებით იბარებს:
საფერავი:
- 1.50 ლარი/კგ - 20%-ზე მეტი შაქრიანობისას;
- 1.00 ლარი/კგ - 16%-დან 20%-მდე შაქრიანობისას;
- 0.50 ლარი/კგ - 16%-ზე ნაკლები შაქრიანობისას.
რქაწითელი და სხვა საღვინე ჯიშები:
- 1.30 ლარი/კგ - 19%-ზე მეტი შაქრიანობისას;
- 0.90 ლარი/კგ - 16%-დან 19%-მდე შაქრიანობისას;
- 0.50 ლარი/კგ - 16%-ზე ნაკლები შაქრიანობისას.
შეგახსენებთ, სექტემბერში ყურძნის ფასით უკმაყოფილო მევენახეები აქციას მართავდნენ. 22 სექტემბერს, ნაშუადღევს, პროტესტის მეორე დღეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გურჯაანში, რთვლის საკოორდინაციო შტაბში განაცხადა, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შევიდოდა. ასევე, დაიწია ხარისხის მაჩვენებლის მოთხოვნამაც.
























