08.ივლისი .2020 15:19

"არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები", - ტიკარაძე საზღვრების გახსნაზე

views 410
უკან

"საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და გამოვლენა ყველა შემთხვევის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის მიერ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რაც ევროპის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნას ეხება. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

„მოლოდინი კვლავ არის ისეთი, რომ ჩვენ პროცესი გვექნება სრულად კონტროლზე აყვანილი და ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები, აქედან გამომდინარე, მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა“, - განაცხადა მინისტრმა.

აქვე, მინისტრმა განმარტა, რა მოეთხოვებათ მგზავრებს, რომლებიც ზემოთ დასახელებული ხუთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლას დააპირებენ.

„ის მგზავრები, რომლებიც იმგზავრებენ ამ 5 ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით, მათ ექნებათ ვალდებულება, შეავსონ გარკვეული მონაცემები, სადაც აღნიშნული იქნება ამ მგზავრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ეს მგზავრი ბოლო 14 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ გვექნება სრული ინფორმაცია ამ მგზავრების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება ტემპერატურა, უკვე აეროპორტშივე მოხდება ამ მგზავრზე PCR ტესტის აღება და ამის შემდეგ ჩვენ გავატარებთ იმ საჭირო ღონისძიებას, რომელსაც მგზავრის მდგომარეობა მოითხოვს", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ 5 ქვეყნაში იმოგზაურებენ, უკან დაბრუნებისას სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლიან.