06.თებერვალი .2020 10:15

"არათანმიმდევრული და გაუაზრებელია ეს პოლიტიკა" - ჯანდაცვის ექსპერტი "სამედიცინო ჰოლდინგზე"

views 289
უკან

"აბსოლუტურად არათანმიმდევრული და გაუაზრებელია ეს პოლიტიკა", - ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე "საქართველოს ამედიცინო ჰოლდინგის" შექმნას, რომელშიც, პირველ ეტაპზე ე.წ. ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური საავადმყოფო და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო გაერთიანდება.

„ეს გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია, როგორი შეიძლება იყოს არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა რამეში, რომელიმე მიმართულებით. 7 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, ის კლინიკები, რომლებზეც მიდის საუბარი, ისედაც სახელმწიფოს მმართველობაში იყვნენ, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს რომელი „ჯიბის უწყება“ უხელმძღვანელებს ამას. არათანმიდევრულობა იმაში მდგომარეობს, ხან ინვესტორის ძიებაში იყვნენ, მერე როცა რამდენიმე ინვესტორი ნახეს, სამინისტრომ თქვა უარი, ახლა გადაწყვიტეს ახალი სტრუქტურის შექმნა.

აბსოლუტურად არათანმიმდევრული და გაუაზრებელია ეს პოლიტიკა და მრჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილება ძალიან ექსპრომტად არის მიღებული. იმ საავადმყოფოებში, რომლებზეც არის საუბარი, აბსოლუტურად გაუმართავია ინფრასტრუქტურა. ამ საავადმყოფოების მოდერნიზაციას და მწყობრში მოყვანას ათეულობით მილიონი ლარი არ ეყოფა. აღარაფერს ვამბობ მაღალტექნოლოგიურ დანახარჯებსა და პერსონალის გადამზადებაზე. ეს ყველაფერი გათვლილი რომ ყოფილიყო, ბიუჯეტში ხომ ჩადებდნენ სადმე?!“, - განაცხადა მან.

ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის ან ექსპრომტად მიღებული ან - ერთპიროვნულად მინისტრის მიერ.

„შეკითხვა მაქვს მინისტრთან, დაასახელონ მთავრობის მიერ შექმნილი მსგავსი ჰოლდინგი თუ სახელმწიფო კომპანია, რომელმაც რაიმე სახის წარმატებას მიაღწია. იმაზე კი არ არის ახლა საუბარი, სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება, არამედ საუბარია იმაზე, რომ კონცეფცია არის გაუგებარი -  რა გინდა, სად მიდიხარ, რა მოწყობა გინდა, რისი მიღება გინდა ამ კლინიკებისგან საბოლოოდ“, - ამბობს ექსპერტი.

ის მიიჩნევს, რომ მესაკუთრეობის ფორმა შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალური ან შესაძლოა საუნივერსიტეტო და ა.შ., მაგრამ ეს რაღაც კონცეფციაში უნდა არსებობდეს.

„ჩვენ შევხედეთ მსგავს გადაწყვეტილებებს, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით. დავიცავთ მედიკოსების უფლებებსო, მინისტრი ამბობს. რაღას დაიცავს, ადამიანები სამსახურებიდან გაუშვეს და ხელფასები დააკლეს. ზუსტად იგივე მიდგომაა, რაღაცა მოიფიქრეს და ამბობენ, რომ მერე მიხედავენ. ყველაფერთან ერთად, ეს არის ახალი ბიუროკრატიული აპარატი, თავისი ბიუროკრატიული შტატებით და ა.შ. ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით ვერანაირ კონცეპტუალურ განვითარებას ვერ ვხედავ, ამის არანაირი წინაპირობა არ ჩანს. შესაძლოა, რაღაცა პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს განკუთვნილი ეს ყველაფერი, მაგალითად თანხების მობილიზება, ადამიანების დასაქმება და ა.შ. მსგავსი უწყებები ხშირად ხდებიან კორუუფციის წყარო, ესეც გასათვალისწინებელია“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ: "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში" 27 იანვარს დაფუძნდა. მის დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა