მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავთენტურიც რომ იყოს ჩანაწერი, საუბარია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობაზე" - კობახიძე

6267aec13eccd
BM.GE
26.04.22 12:43
1135
გუშინ, Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არაა; ვიდეოში თითქოსდა რუსი ოლიგარქი, AFK Sistema-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება. ჩანაწერი, სავარაუდოდ, მარტით თარიღდება და მასში ევტუშენკოვი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს მისი კომპანიის წარმომადგენელთან “по поводу зерна” (მარცვლეულის საკითხზე) შეხვედრას სთხოვს, ბიძინა ივანიშვილი კი პასუხობს, რომ ამ პირს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება.

დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩანაწერის ავთენტურობა არაა დადასტურებული და ის ავთენტურიც რომ იყოს, მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს ეხება.

"პირველ რიგში, ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, მეორე - რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი. რომც დავუშვათ, რომ ეს ავთენტურია, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე. თქვენ იცით, რომ საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ხდება პროდუქტის ექსპორტირება, იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერია და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში", - განაცხადა კობახიძემ.

სატელეფონო ჩანაწერში საუბარია ალი უზდენოვზე, რომელიც AFK Sistema-ს აგროჰოლდინგ “სტეპს” მართავს და პარალელურად, AFK Sistema-ს მმართველი პარტნიორის პოსტი უჭირავს.

თავად აგროჰოლდინგ "სტეპის" ვებგვერდის მიხედვით, კომპანია კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებსა და როსტოვის ოლქში 678,000 ჰექტარის მეურნეობას მართავს, რომელიც წლიურად 1.8 მილიონ ტონა მარცვლეულს, მათ შორის 1 მილიონ ტონა ხორბალს მოიპოვებს.

უცნობია “მარცვლეულის საკითხი” საქართველოში ხორბლის იმპორტს მოიცავდა თუ კიდევ სხვა სახის ბიზნესგარიგებას.

საუბარში ასევე დასახელებულია, სავარაუდოდ, დავით [ხიდაშელიც], რომელიც ასევე AFK სისტემას ერთ-ერთი შვილობილის, სატელეკომუნიკაციო კომპანია Intracom-ის გენერალური დირექტორია.

თავად ალი უზდენოვი 2019 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა

13 აპრილს, AFK სისტემას დამფუძნებელ ვლადიმირ ევტუშენკოვს დიდმა ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა და მისი აქტივები გაყინა. Forbes-ის შეფასებით, ევტუშენკოვის ქონება 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გუშინ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ ამ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აშშ-სა და EU-ს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხხილვისკენ მოუწოდა.