მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრი კითხვაა, რომელსაც სჯობს პასუხი მანამ გაეცეს, სანამ მოლოდინებს შევქმნით" - სანდრო ურუშაძე დასაქმების პროგრამაზე

620dff66284cb
თათია ჩაფიჩაძე
17.02.22 23:40
1253
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის სანდრო ურუშაძის შეფასებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მუნიციპალიტეტებსა და სამინისტროებში დასაქმება გაზრდის ბიუროკრატიას, რაც მათ რეალურ გრძელვადიან დასაქმებას და ეკონომიკურ ზრდას არ უზრუნველყოფს.

„საქმიანი დილის“ ეთერში ურუშაძემ მისი მთავრობაში ყოფნის პერიოდში ამოქმედებულ დასაქმების პროგრამას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ინიციატივა უწოდა, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ფულის ხარჯვის გარდა, სხვა არანაირი შედეგი არ მოუტანია.

„არაფერი საწინააღმდეგო არ შეიძლება გვქონდეს იმისი, რომ ადამიანებს შესთავაზო სამსახური, მაგრამ როგორ გააკეთებს ამას სახელმწიფო, ამაზე ბევრი კითხვა ჩნდება. მარტო სურვილი და სამი ვიზიტი ევროპაში არ არის საკმარისი რომ წარმოვიდგინოთ რას სთავაზობს მათ მთავრობა, როგორ მოხდება კვალიფიკაციის თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შესაფერისი სამუშაოს შეთავაზება.

როგორც წესი მთავრობა არ არის კარგი დამსაქმებელი, რაც მას შეუძლია არის ის, რომ გაზარდოს ბიუროკრატია, გაზარდოს ადამიანების რიცხვი, ვინც საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულები სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით და ასე შექმნას შთაბეჭდილება რომ შექმნა სამუშაო ადგილები, მაგრამ რეალურად სამუშაო ადგილების შექმნა მოაქვს ეკონომიკის ზრდას, ბიზნესის განვითარებას და არა ბიუროკრატიის რიცხვის ზრდას.

ნებისმიერ საქმეს სჭირდება გადამზადების კურსები, დრო სჭირდება, თანაც გავითვალისწინოთ ამ სოციალურად დაუცველების უნარ-ჩვევები, განათლება. კარგია რომ ადამიანებს აქვთ სამუშაო, მაგრამ რამდენად კარგად იქნება, ესაა მთავარი. არც დოკუმენტი გვაქვს რომ შევაფასოთ, არც ციფრები და ვაკანსიებია, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ რა პრინციპით შეირჩევიან. ბევრი კითხვაა, რომელსაც ჯობია ხოლმე პასუხი მანამდე გაეცეს, სანამ მოლოდინებს შევქმნით.

მე რომ ვიყავი სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, დასაქმების პროგრამები იყო, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ინიციატივა იყო, რაც მე მახსოვს იმ პერიოდისთვის.. ჩემი მინისტრობის პერიოდში ეს პროგრამები აღარ გაგრძელებულა, მაგრამ დღესაც მსგავსი ინიციატივა, თუ ამას პოპულისტური ხასიათი არ აქვს, თუ მეტი დაფიქრებით იქნება მომზადებული და პატივისცემა იქნება გამოხატული ამ ადამიანებისადმი, უკეთესი იქნება.“ - განაცხადა ურუშაძემ.

ინფორმაციისთვის, ხელისუფლება 1-ლი მარტიდან სოციალურად დაუცველების დასაქმებას გეგმავს.

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ საუკეთესო პრაქტიკის შესასწავლად აწ უკვე ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაუშვა, რის შემდეგადაც გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე მათი დასაქმების ადგილი მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სამინისტროები იქნებიან, რომელმაც ჯამში 50 ათასამდე სამუშაო ადგილი უნდა შექმნან, რომელიც წლის ბოლომდე შესაძლოა 100 ათასამდეც კი გაიზარდოს.

როგორც მოგვიანებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განმარტა, სამუშაო კადრების დეფიციტია ისეთ ადგილებში როგორიცაა მაგალითად სატყეო სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეები როგორც ჩანს სწორედ ასეთ ადგილებზე დასაქმდებიან, თუმცა ამბობენ, რომ იქნება საოფისე სამსახურებიც.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა, ვინც ახლა დასაქმებულია და დახმარებასაც იღებს აუცილებელია რომ ამის შესახებ განაცხადოს. ამის მიუხედავად მათ მომდევნო 4 წელი სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ. ხოლო ის ადამიანები, ვინც უარს იტყვის საზოგადოებრივ შრომაზე ერთი წლის განმავლობაში გადამოწმდებიან.

ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ შრომის ბაზრის ახალი შესაძლებლობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად იქცევა.