ბევრჯერ ვცადე ამეხსნა, რომ ელექტრომობილების წარმოება უტოპიური იდეა იყო და არც არაფერი გამოდის აქედან, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.
„ელექტრომანქანების არ იყოს, როცა მთავრობაში ვიყავი ბევრჯერ შევეცადე ამეხსნა, რომ ეს უტოპიური იდეა იყო, როგორც ნახეთ არავინ დამიჯერა, მაგრამ არც არაფერი გამოდის აქედან“, - განაცხადა ქობულიამ.
მინისტრმა ეს მაგალითი მოიყვანა მთავრობის სტრატეგიის იმ ნაწილის შეფასებისას, რომლის თანახმად, საქართველო გეგმავს საქართველოში ისეთი დიდი წარმოებები შემოიყვანოს, რომლებიც ამჟამად დიდ ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში ოპერირებენ.
შეგახსენებთ: მთავრობის გაცხადებული პოზიციით, ქუთაისში პირველი ელექტრომობილი აგვისტოში უნდა გამოვიდეს. როგორც მიმდინარე წლის იანვარში იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე აცხადებდა, სწორედ ამ დროისთვის დასრულდება ქარხნის ნაწილი, სადაც ავტომობილი იმპორტირებული ნაწილებით აეწყობა.
რა ეტაპზე პროექტის განხორციელება, ინფორმაციას BM.GE მოიკითხავს და განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით მკითხველს.