ჩინეთიდან დიდი წარმოებების გადმოტანა საქართველოში შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.
ქობულია მთავრობის საინვესტიციო სტრატეგიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ ყავს მუშახელი, არ აქვს ლოჯისტიკური სისტემები იმისთვის, რომ ისეთ დიდი წარმოებებს გაუმკლავდეს, რომლებიც ახლა ჩინეთშია.
„რაც შეეხება სტრატეგიის იმ ნაწილს, რაც ეხება წარმოებების შემოყვანას საქართველოში ისეთი დიდი ქვეყნიდან, როგორიც არის ჩინეთი. ეს ამ ეტაპზე უტოპიური ამოცანაა. ჩვენ, როგორც ქვეყანა არ ვართ მზად, რომ ასეთი კომპანიებისთვის შევქმნათ პირობები, რომელიც მათთვის იქნება დამაკმაყოფილებელი. გადასახადების სიმცირით ნამდვილად ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვართ, ამიტომ აქ სიახლეს ვერაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ქობულიამ.
მისი შეფასებით, საერთაშორისო ინვესტორების და წარმოების შემოყვანა ძალიან მაღალი დონის ამოცანაა და ეს წარმოუდგენელია, რადგან იმ მწარმოებლებს, რომლებიც ჩინეთში მოღვაწეობენ, ძალიან დიდი წარმოებები აქვთ.
„ჩვენ ასეთი მასშტაბის წარმოებებს აქ ვერასდროს შევქმნით, რადგან არც მუშახელი გვყავს, არც ლოჯისტიკური სისტემები გვაქვს, რომ ეს საქონელი გავიტანოთ, არ გვაქვს არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც გააუმჯობესებს ამ წარმოებას. ეს არის ჩინეთი, სადაც ცხოვრობს მილიარდ 400 ლნ ადამიანი და ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. ვერ შევუქმნით ამ კომპანიებს ისეთ მიმზიდველ პირობებს, რომ გადმოვიდნენ ჩვენთან და აქ დაიწყონ წარმოება.
ასევე იყო ელექტრომანქანების წარმოება. მე მთავრობაში ყოფნისას ბევრჯერ შევეცადე ამეხსნა, რომ ეს უტოპიური იდეა იყო. არავინ დამიჯერა, მაგრამ როგორც ვხედავთ, არც არფერი გამოვიდა აქედან. სწორედ ასეთივეა ის იდეაც, რაც დიდი მწარმოებლების გადმოყვანას გულისხმობს ჩინეთიდან ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ორიენტაცია უნდა იყოს ინვესტორების და კომპანიების შემოყვანა საქართველოში იმ სექტორებში, სადაც გვაქვს უპირატესობები და რომლითაც შეგვიძლია მათი დაინტერესება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.