მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მოლოდინით, ტარიფი გაიზრდება" - განახლებადი ენერგიების ასოციაცია

5fea17181325a
თამთა ჯიჯავაძე
28.12.20 23:35
794
ჩვენი მოლოდინით, ტარიფი გაიზრდება, - ამის შესახებ განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ ელექტროენერგიის ტარიფზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ მოლოდინს სხვადასხვა წინაპირობა აქვს:

„პირველ რიგში ეს არის დოლარის კურსი, ძალიან დიდი ხანია ეს ტარიფი ლარშია დაფიქსირებული, ამასობაში დოლარის კურსი ძალიან სწრაფად იზრდება, ელექტროენერგიის იმპროტი და შესყიდვა მიმდინარეობს ძირითადად დოლარში და ამ მხრივ ეს გასაგებია. მეორე მხრივ, მოხმარება იზრდება, მიუხედავად პანდემიისა, წელსაც ვვარაუდობთ, რომ ნოემბერ-დეკემბერში მცირედით, მაგრამ მაინც ზრდა იქნება წინა წელთან შედარებით. ამ ტემპის ზრდასთან ერთად, იზრდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულებაც“.

გარდა ამისა, აბრამიშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ადგილობრივი რესურსების ათვისება.

„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესყიდული ენერგია უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე ახალი გენერაციის ობიექტებთან დადებული გარანტირებული ხელშეკრულებით, მაგალითად, შეიძლება იქ 5.5 ცენტი იყოს და აქეთ 6 ცენტი, თუმცა, მეორე მხრივ ეს 6 ცენტი არის ჩაბრუნებული ჩვენს ეკონომიკაში და სულ მცირე გადასახადები რომ გამოვაკლოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რჩება, უკვე 4 ცენტზე ჩამოვდივართ. მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გვაქვს მდგრადი მომავალი, ანუ დღეს რაც ღირს მპორტირებული ენერგია, ხვალ ეს ფასი რომ გაორმაგდეს, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს რომ ამას წინ აღვუდგეთ“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, ხვალ, 09:00 საათზე საჯარო სხდომაზე სემეკი განიხილავს კომპანიების - სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მიმართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. კომპანიის შეფასებით, მოქმედი ტარიფი უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით.