15.იანვარი .2021 15:25

"დასაქმებულთა ელ. რეესტრი" - 1 თებერვლიდან ბიზნესს ახალი ვალდებულება წარმოექმნება

"დასაქმებულთა ელ. რეესტრი" - 1 თებერვლიდან ბიზნესს ახალი ვალდებულება წარმოექმნება
views 2134
უკან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 2021 წელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების გაცნობის მიზნით, ონლაინ ფორმატში შეხვედრებს იწყებს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

დღეს, პირველი ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა BAG-ის წევრებს გააცნო საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის, ისეთი საკითხები, როგორიცაა: დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა, აგრეთვე, ზოგადად დღგ-ის რეფორმა და მის ფარგლებში პირველი იანვრიდან შესული სიახლეები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გლობალური პანდემიის შედეგად ეკონომიკაში შექმნილმა ვითარებამ, კიდევ უფრო მწვავედ გამოაჩინა პრობლემა, რომელიც უკავშირდება საგადასახადო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობასა და ეკონომიკური სუბიექტების მიერ დაქირავებულთა არასრულყოფილად აღრიცხვას და რომელმაც რიგ შემთხვევებში, გაართულა პანდემიის შედეგად მიზნობრივი სოციალური კომპენსაციის პაკეტების მიღება დაქირავებულთათვის.

სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კომპანიების მხრიდან 2021 წლის პირველი თებერვლიდან სავალდებულო იქნება დაქირავებულ პირთა ახალი ელექტრონული რეესტრის შევსება.

მონაცემთა ახალი ბაზის ფორმირება ითვალისწინებს დაქირავებულ პირთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრას და შექმნილია სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად.

ცვლილების თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია დაქირავებული პირი, შრომითი ურთიერთობების დაწყებამდე დაარეგისტრიროს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ივსება დამქირავებლის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (eservices.rs.ge), პირად ავტორიზებულ პორტალზე არსებულ სპეციალურ ჩანართში, სადაც მიეთითება დაქირავებულ ფიზიკური პირთა შესახებ ინფორმაცია (პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი). აქვე, აღვნიშნავთ, რომ დასაქმებულს საკუთარი ავტორიზებული გვერდიდან, ექნება შესაძლებლობა გადაამოწმოს დასაქმებულ პირთა რეესტრში მის შესახებ არსებული ინფორმაცია.

დამქირავებლის მიერ შესაბამისი რეესტრის შევსების წესის შესახებ, მომზადებულია დეტალური ვიდეო ინსტრუქცია, რომელიც განთავსებულია უწყების ვებგვერდზე:
https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=167

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ასევე, დეტალურად განმარტა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციასთან დაკავშირებული ახალი მექანიზმი - „დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი“, რომელიც საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის დახვეწას, თაღლითური სქემების რისკების მართვას, ასევე, არამიზნობრივად დღგ-ის რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტების არამართლზომიერად გამოწერის შემცირებას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, ონლაინ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის შემცირებისა და მისი სტიმულირების მიზნით, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობისათვის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შევიდა საგადასახადო კოდექსში და ამოქმედდა მიმდინარე წლიდან.

როგორც ცნობილია, დღგ-ის კარში განხორციელებული მთელი რიგი ცვლილებების საფუძველზე:
• განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები;
• გაიწერა დღგ-ის ჩათვლის პირობები;
• დეტალურად განიმარტა ძირითად საშუალებებზე ჩათვლის მიღების წესი და დღგ-ის თანხის კორექტირების გარემოებები დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ამ ძირითადი საშუალების მიწოდების შემთხვევაში.
დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, დეტალური ინფორმაცია შეგიძლით იხილოთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5070473?publication=0

როგორც აღინიშნა, დღგ-ის რეფორმა გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, არსებული კრიზისის ფონზე, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე, შეამცირებს სადავო შემთხვევებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ბიზნეს სექტორთან გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა