მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების სტატუსი ამოქმედდა - დაინტერესება დაბალია

647de7845a5b5
გიგა ბენია
05.06.23 23:45
666
2019 წელს საბაჟო კოდექსში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, კანონში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების სტატუსის ცნება შემოვიდა. AEO „ოქროს სიის“ ანალოგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ რამდენიმე წლის წინ გააუქმა. 4 წლის შემდეგ, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების სტატუსი მაისში ამოქმედდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სტატუსი მხოლოდ 7 კომპანიას აქვს მიღებული, რადგან კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესება ნაკლებია. მიზეზი ინფორმაციის არარსებობაა.

„ბოლო ორი წელია კომპანიებთან ინტენსიურად ვმუშაობთ. პანდემიამ დიდი გავლენა იქონია, კომუნიკაციის ნაკლებობაც იყო. უკვე 7 კომპანია გვყავს, რომელიც სტატუსს ფლობს, მაგრამ გვინდა, უფრო მეტი კომპანია გვყავდეს“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების სტატუსის მოპოვების პროცესში არსებულ გამოწვევებზე USAID-მა და EUGBC-იმ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. კერძო სექტორს მხარეებმა, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა, გააცნეს ის პრიორიტეტები, რომლებსაც კომპანიები AEO-ს მინიჭებით მიიღებენ.

„სტატუსი წარმატებული პროექტია, რომელიც ევროკავშირსა და სხვა დიდ ქვეყნებში ხორციელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიები, რომლებიც ვაჭრობაში ჩართულები არიან, გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იღებენ სტატუსს, რაც, თავის მხრივ, გამარტივებულ საბაჟო პროცედურებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმებას ნიშნავს. ქართული კომპანია, რომელიც სტატუსის მფლობელი იქნება, იგივე გამარტივებულ პროცედურებს გაივლის იმ ქვეყანაში, რომელთანაც ურთიერთაღიარების შეთანხმება გვექნება. ამ შეთანხმების მისაღწევად ახლა მოლაპარაკებები მიდის ევროკავშირის ქვეყნებთან, ჩინეთთან და თურქეთთან“, - აღნიშნა ვლადიმერ ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შეუძლია გახდეს ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საბაჟო ფორმალობებთან.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელი, რომელსაც სურს მიიღოს ავტორიზაცია, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

• საქართველოს საბაჟო, საგადასახადო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევის არარსებობა;

• განხორციელებული ოპერაციებისა და საქონლის ნაკადების კონტროლი, შესაბამისი აღრიცხვა;

• გადახდისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა, გამოცდილება ან/და პროფესიული კვალიფიკაცია;

• დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფა.


რაც შეეხება შეღავათებს. ესენია:

• ნაკლები სიხშირით ფიზიკური და დოკუმენტური კონტროლი - ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერების და საქონლის დოკუმენტური შემოწმების სიხშირე; • წინასწარი შეტყობინება ფიზიკური დათვალიერების შესახებ (AEO ავტორიზაციის შემთხვევაში) - საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, საქონლის შესახებ წინასწარ ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო ავტორიზაციის მფლობელს აცნობებს საქონლის ფიზიკური დათვალიერების შესახებ;

• საბაჟო სერვისებით უპირატესი სარგებლობის უფლება - ავტორიზაციის მფლობელისთვის შესაძლებელი გახდება მისი კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ გაფორმებისა და საბაჟო კონტროლის ღონისძიებები განხორციელდეს პრიორიტეტული წესით;

• საზღვარზე უპირატესი გავლა - ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლისას საზღვარზე გადაადგილება ხორციელდება პრიორიტეტული წესით;

• კონტროლის განხორციელება შეთანხმებულ ადგილას (AEO ავტორიზაციის შემთხვევაში) - ავტორიზაციის მფლობელისათვის შესაძლებელი იქნება კუთვნილი საქონელი საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ დათვალიერდეს წინასწარ შეთანხმებულ ადგილას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები