შემოსავლების სამსახური დებიტორული დავალიანებების ამოღების ახალ წესზე განმარტებას აკეთებს. უწყება BMGTV-ის გადაცემა "საქმის კურსში" გასულ მასალას გამოეხმაურა, სადაც ბიზნესმა და იურისტებმა არაერთი კითხვა დასვეს.
საქმე ის არის, რომ შემოსავლების სამსახურმა ამოუღებელი დებიტორული დავალიანებებისა და გადახდილი ავანსების დაბეგვრის მიდგომა შეცვალა. მეთოდური მითითების მიხედვით, საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების "გონივრულ ვადაში" გადაუხდელობის შემთხვევაში, უწყება თანხებს ანაზღაურებულად ჩათვლის და მას საშემოსავლო გადასახადით დაბეგრავს. იგივე მიდგომა გავრცელდება საქონლის ან მომსახურების შესაძენად გადახდილი ავანსების შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ "გონივრული ვადა" ინდივიდუალურად, გადამხდელის მიერ შესრულებული ოპერაციის სპეციფიკით განისაზღვრება.
"მეთოდური მითითების მიხედვით, გონივრული ვადა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვრება ინდივიდუალურად, გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციის/დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამასთან, გონივრული ვადის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ლოგიკური/დამაჯერებელი მტკიცებულებები. მაგალითის სახით შეგვიძლია განვიხილოთ შემდეგი შემთხვევები:
- მშენებარე უძრავი ქონების შეძენისას, სამშენებლო სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, როგორც წესი, სამშენებლო კომპანიებს წინასწარ უხდიან თანხას/თანხის ნაწილს, რომელიც როგორც წესი, ავანსად გადახდილ თანხად რჩება მშენებლობის დასრულებამდე, რაც სამშენებლო დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წელი.
- სადისტრიბუციო სფეროში მოქმედი კომპანიები, ურთიერთობენ, როგორც დიდ და საშუალო, ასევე მცირე ზომის მრავალ კომპანიასთან და როგორც წესი, საქონლის მიწოდება ხდება შემდგომი გადახდის პირობით. შესაბამისად, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ სფეროს ახასიათებს დებიტორული დავალიანების, მათ შორის, ხანგრძლივი პერიოდის, ნაშთის მუდმივად არსებობა.
- მცირე ზომის რითეილერები, საბოლოო მომხმარებელს (მოსახლეობას), ხშირ შემთხვევაში, საქონელს აწვდიან შემდგომი გადახდის პირობით, რაც იწვევს დებიტორული დავალიანების, მათ შორის, ხანგრძლივი პერიოდის, ნაშთის მუდმივად არსებობა.
როგორც ზემოაღნიშნულ სამივე შემთხვევაში, ასევე, სხვა დარგებთან მიმართებით, გონივრული ვადა განისაზღვრება დარგისთვის/ოპერაციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის და გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ახალი მიდგომა, მეთოდური მითითების ამოქმედებამდე წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებებზეც გავრცელდება.
"მეთოდური მითითება ვრცელდება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესამოწმებელ პერიოდში არსებულ, მათ შორის, მეთოდური მითითების ამოქმედებამდე წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებებზეც. მეთოდური მითითების შესაბამისად საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ხელფასად კვალიფიცირებული დებიტორული დავალიანების შემდგომში ანაზღაურების შემთხვევაში, აღნიშნული თანხები აღარ დაექვემდებარება ხელმეორედ დაბეგვრას", - აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, საგადასახადო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მეთოდურ მითითებაში მცირე თანხიან დებიტორულ დავალიანებებზე შესაბამისი ნორმაა გათვალისწინებული.
"გადახდილი ავანსების ან/და საქონლის მიწოდებით, ან/და მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნების (დებიტორული დავალიანებების) მიმართ არ განისაზღვრება დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები თუ შესაბამის პირზე/პირებზე, ამ მეთოდური მითითების შესაბამისად გადაკვალიფიცირებული თანხების ჯამი არ აღემატება:
ა) მცირე კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - 1 000 ლარს;
ბ) საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - 10 000 ლარს;
გ) მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - 100 000 ლარს", - წერია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურში ირწმუნებიან, რომ ცვლილების ფარგლებში, მეწარმე სუბიექტებთან შეხვედრები მიმდინარეობს.