საქართველოს ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია „ჰოუმერი“ გამოჩნდა.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ აცხადებს, კომპანია საერთაშორისო საფინანსო ფონდის, NDJ Investment ინვესტირების საშუალებით მასშტაბურ პროექტს „ჰოუმერი ალფას“ ახორციელებს, რომელშიც კომპანიამ $62 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო.
მისივე ცნობით, კომპანიის ორიენტირი მასშტაბური პროექტების განხორციელებაა. სწორედ ამიტომ, ადგილის შერჩევის კრიტერიუმიც მასშტაბური ტერიტორია იყო. პროექტი დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს. მეძმარიაშვილის ინფორმაციით, პროექტი მტკვართან ახლოს მდებარე სივრცეა.
“გვინდა, რომ ხალხს მეტად გავაცნოთ, თუ რა ღირებულების მატარებელია ეს ადგილი. ინვესტორი დუბაიში დაფუძნებული ორგანიზაციაა, NDJ investment, რომელსაც დაახლოებით 10-მდე მიმდინარე პროექტი აქვთ. განსახორციელებელი ინვესტიციის 40% უკვე დახარჯულია და დანარჩენი მშენებლობის განხორციელებასთან ერთად დაიხარჯება.
პროექტი დიღომში 2.5 ჰა-ს მოიცავს, საიდანაც 7300 კვ.მ გამწვანებული ტერიტორია იქნება. როდესაც ეს პროდუქტი შევქმენით, ყველა ასპექტი გავითვალისწინეთ როგორც ბინის შიგნით, ასევე ინფრასტრუქტურულადაც. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი პროექტი იყო, გვინდოდა, რომ რაღაცით გამორჩეული ყოფილიყო. შედეგად, არქიტექტორმა მოიფიქრა, რომ ერთ-ერთი შენობა, რომლის გაყიდვაც უკვე დაწყებული გვაქვს, მისი ფასადი მოხატული იქნება ხელით. გარდა გარე სპორტული სივრცეებისა, სპორტული სივრცეები იქნება ფასადის შიგნითაც. ღია ფიტნეს სივრცეს ვაკეთებთ. გვინდა, რომ შინაური ცხოველებისთვის ცალკე სივრცეც გვქონდეს გამოყოფილი და რა თქმა უნდა, ფეხბურთის მოედანი თავისი ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდგენილი ”, - ამბობს მეძმარიაშვილი.
რაც შეეხება გუნდს, კომპანიაში დასაქმებულები უძრავი ქონების ბაზარზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანები არიან. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, პროექტის შექმნისას ყველა მხარე ჩართულია და მათი გამოცდილებების გათვალისწინების შედეგად ხდება პროდუქტის შექმნაც.
“ამ პროექტის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, რომ ადამიანის ბინაში არ შევსულიყავით და მის სივრცეს არ შევხებოდით. ამიტომ,, გადავწყვიტეთ, რომ კარების ჩათვლით, ყველაფერი იქნება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა კარის სისტემას, ლიფტის სისტემას და პარკინგში შესასვლელ სისტემას ცენტრალიზებული მართვის პანელი ექნება და ყველა მობინადრეს შეეძლება, რომ ჩიპების და კოდის საშუალებით, ასევე აპლიკაციის მეშვეობით მართოს მისი უსაფრთხოების სივრცე. ამასთან, პარკინგზე იქნება კამერა, რომელიც ამოიცნობს ნომერს და პირდაპირ შესვლის საშუალებას მისცემს მობინადრეს, რაც დამატებით კომფორტს შექმნის”, - აცხადებს ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ “ჰოუმერი ალფას” სამშენებლო სამუშაოები აპრილის დასაწყისიდან დაიწყება. საუბარია პირველ კორპუსზე. ამის გარდა, პროექტში კიდევ 4 კორპუსია, რომელიც საბოლოო ჯამში 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს.