მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან მკაცრი ჩარჩო გვაქვს განსაზღვრული, სად შეიძლება დავაბანდოთ საპენსიო დანაზოგები, ამის შეცვლა გვინდა"

61d9abdd9e00f
ანუკა ჯოხაძე
08.01.22 22:00
2402
საპენსიო სააგენტო საინვესტიციო მანდატის გაფართოებას ითხოვს, რადგან ხედავს შესაძლებლობას, საპენსიო დანაზოგების "აგრესიული ინვესტირება" დაიწყოს ისეთ სფეროებში, სადაც დღეს მოქმედი კანონი ზღუდავს. 

საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია მიიჩნევს, რომ დღეს სააგენტო ინვესტირების თვალსაზრისით ლიმიტირებულია. მისი თქმით, შეზღუდულია შესაძლებლობები, სადაც სააგენტოს საპენსიო დანაზოგების ინვესტირება შეუძლია. 

დანელია bm.ge-სთან ამბობს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული შეზღუდვების შემსუბუქება და იმ კომპანიების ჩამონათალის გაფართოება, სადაც ინვესტირება შესაძლებელია, სააგენტოს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემდა.

"მკაცრი ჩარჩო გვაქვს განსაზღვრული, რაც საკმაოდ ლიმიტირებულს ხდის იმ არეალს, თუ სად შეგვიძლია ფული დავაბანდოთ, მაგალითად რომელ კომპანიებში შეგვიძლია ფული ჩავდოთ, რომელი კომპანიის ბონდები ან აქციები შეგვიძლია ვიყიდოთ და ა.შ.

ასევე, არის მეორე რიგის შეზღუდვები – თითოეულ ემისიაზე რამხელა პოზიციის დაკავება შეგვიძლია, რაც ასევე საკმაოდ მკაცრი და ლიმიტირებულია. თუ გავითვალისწინებით იმას, რომ ჩვენი აქტივის ღირებულება 2 მლრდ ლარამდეა, ეს რომ შეადაროთ იმ პოტენციური კომპანიების მოცულობას, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია ფული ჩავდოთ, ჩვენი მოცულობა საკმაოდ დიდია, ხოლო საინვესტიციო არეალი კი  – პატარა.

გვინდა, ეს არეალი გავაფართოოთ. ახლა მოქმედებს ასეთი შეზღუდვა – დღეს ჩვენ, საპენსიო სააგენტოს, შეგვიძლია ინვესტიცია ჩავდოთ მხოლოდ იმ კომპანიებში, რომლებიც საქართველოს სუვერენული რეიტინგის ერთი ნაბიჯით ქვევითაა. თუმცა ვფიქრობთ, შეიძლება უკეთესი იყოს, რომ ორი ნაბიჯით ქვევით ჩამოსვლის საშუალებაც გვქონდეს, ეს მეტ შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ უფრო მეტი კომპანია განგვეხილა საინვესტიციოდ”-აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლიდან ამოქმედდა. ამ დროისთის სქემაში 1.2 მილიონი მოქალაქეა ჩართული. საპენსიო ფონდში თითქმის 2 მლრდ ლარი არის დაგროვილი. მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების 100% ლარშია ნომინირებული. ამასთან, თანხის უდიდესი ნაწილი ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებშია განთავსებული. დეპოზიტარის არჩევის შემდეგ საპენსიო სააგენტოს უკვე მიეცემა შესაძლებლობა ფონდში აკუმულირებული თანხა სხვა მიმართულებებშიც დააბანდოს, თუმცა მეტი სარეგბლიანობისთვის სააგენტოს სადეპოზიტო მანდატის გაფართოება სურს.