მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძვირადღირებული ავტომობილების გაყიდვები პრაქტიკულად გაჩერდა"- „ავტოპაპას“ დირექტორი

5fa55bb10bb54
ვიქტორია მღებრიშვილი
06.11.20 19:44
1710
საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში, მსუბუქი ავტომობილები უმსხვილეს პროდუქტებში შედის. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში თანხობრივად, ყველაზე მეტად წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავტომობილების იმპორტი $258 მლნ-ით (31.5%-ით) შემცირდა და 560.2 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, აქ 9 თვეში 37.3%-იანი კლება დაფიქსირდა და ავტომობილების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 304.2 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი - რუსთავის ავტობაზრობის „ავტოპაპას“ გენერალურმა დირექტორმა ევგენი უსტინოვმა BM.GE-სთან საავტომობილოს ბაზარზე არსებულ ზოგად მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „COVID-პანდემიამ ავტომობილების ბიზნესზე, მთლიანობაში, ნეგატიური გავლენა იქონია“.

მისი ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო ბაზარზე პანდემიის პერიოდში მოთხოვნა საშუალო სეგმენტის ავტომობილებზე გაიზარდა, რომელთა ღირებულებაც 5 000-დან 10 000 დოლარამდეა, ხოლო 20 000 დოლარზე მეტი ღირებულების მანქანების გაყიდვები პრაქტიკულად შეჩერდა.

„მსოფლიო ბაზარზე ავტომობილების ღირებულება დღეისთვის ზრდის ტენდენციით ხასიათდება. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, აქ ფასები განსხვავებულია: გამოცდილი გამყიდველები ფასების შენარჩუნებას ახერხებენ, გამოუცდელები კი - ამცირებენ ფასს, იმისთვის, რომ მალე გაიყიდოს. რაც შეეხება კითხვას, მოქმედებს თუ არა ლარის გაუფასურება ჩვენს ბიზნესზე, რა თქმა უნდა - კი. ყველა ავტომობილი ხომ აშშ-ში დოლარზეა შეძენილი, ხოლო როდესაც დოლარის კურსი იზრდება, გაყიდვები მცირდება“, - აცხადებს „ავტოპაპას“ დირექტორი.

კითხვაზე - რა პრობლემის წინაშე დააყენა პანდემიამ რუსთავის ავტობაზრობა, ევგენი უსტინოვი პასუხობს, რომ მათთვის მთავარი პრობლემა მსყიდველუნარიანობის შემცირება იყო.

„განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გაზაფხულზე - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას შეიქმნა. ადგილობრივი თუ უცხოელი მომხმარებლების დიდი ნაწილი ავტომობილების პირადად შერჩევას იყო მიჩვეული, დღეს ამის შესაძლებლობა მათ აღარ აქვთ. ამიტომ ჩვენ გაყიდვების ტექნოლოგიების მთლიანად გადაწყობა მოგვიწია: დისტანციური გაყიდვების განყოფილება, ფაქტობრივად, ნულიდან ავაწყვეთ - სამსახურში ახალი კადრები ავიყვანეთ, გადავამზადეთ და საკმაოდ მოცულობითი მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოეთ.

ამასთან, კომპანიისთვის ყველაზე დიდ პრობლემას ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორების - ფინანსური პრობლემები წარმოადგენს, ისინი ხომ უკვე მრავალია წელია ჩვენთან თანამშრომლობენ და ექსპორტითა და რეექსპორტით არიან დაკავებულნი.

სწორედ ამიტომ, მომხმარებლების მხარდასაჭერად ბაზრობაზე მანქანის პარკირების საფასური 10-ჯერ შევამცირეთ და თუ კარანტინამდე დასვენების დღეებში პარკირება 30 ლარი ღირდა, რაც ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლის საფასურსაც მოიცავდა, 23 მარტიდან პარკირება საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში 1 ლარი გახდა, ხოლო 1 ივნისიდან - 3 ლარი”, - აცხადებს ევგენი უსტინოვი.

რუსთავის ავტობაზრობის ხელძმღვანელი მოლოდინებზე საუბრისას ამბობს, რომ 2020 წლის შედეგებზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია და აცხადებს: „დღეს უკვე კარგად ჩანს რომ 2020 წელს მსუბუქი ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებლები გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე ეს 2019 წელს იყო. ამავე დროს, ჩვენი გუნდი ყველანაირი მოულოდნელობისთვის მზადაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან ქვეყანა ავტომობილებით ვაჭრობის ბაზარზე კიდევ უფრო ძლიერი და გამოცდილი გამოვა“.