მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექთნების განსაკუთრებული დეფიციტი რეგიონებშია“ - რა გეგმა აქვს “ჯეო ჰოსპიტალსს”?

631b7cfe6011d
ალა ისპირიანი
09.09.22 23:55
961
კადრების დეფიციტზე საუბარი ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურებულია. აღნიშნულ პრობლემაზე მათ შორის ჯანდაცვის სისტემაში აქტიურად საუბრობენ. მაგალითად, "ჯეო ჰოსპოტალსის" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ სექტორს ექთნების დეფიციტი განსაკუთრებით აწუხებს, კრიტიკულად დეფიციტური კი პედიატრიის, ქირურგიის, საოპერაციოს და ინტენსიური მოვლის ექთნებია.

„ქვეყანაში უამრავ სხვადასხვა მიმართულებას შორის საკვანძოდ მნიშვნელოვანი დღეს საექთნო მიმართულებით პერსონალის დეფიციტია. ეს გამოწვევა წლების განმავლობაში არსებობს და ეს ყოველდღიურ ოპერირებაში მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის“, - განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.

რაც შეეხება გამოწვევებზე პასუხს, იგი ამბობს, რომ "ჯეო ჰოსპოტალსი“ ჯერჯერობით უკვე არსებული ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებას აპირებს, რისთვისაც ოთხი სასწავლო ცენტრი უკვე აქვთ.

„რამდენიმე წლის წინ სტრატეგია გვქონდა ჩამოყალიბებული, რომ ამ მიმართულებით, გადამზადების შესაბამისი სასწავლო ცენტრები შეგვექმნა. ამას კოვიდი მოჰყვა და ეს პროცესი შეაჩერა. თუმცა ბოლო პერიოდში ბაზარზე შესაძლებლობა გაჩნდა და USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონში (ქუთაისი, მცხეთა მარნეული და გურჯაანი) სასწავლო ცენტრები ჩამოვაყალიბეთ. აღნიშნული ცენტრები უკვე არსებული საექთნო პერსონალისთვის შეიქმნა, რათა კვალიფიკაცია აიმაღლონ.

USAID-ის თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ სხვა შესაძლებლობა არსებობს, რაზეც ახლა ვმუშაობთ, ამ შემთხვევაში საუბარია დიპლომის შემდგომი საექთნო პერსონალის სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებაზე. საუბარია ტიპურად სხვა საგანმანათლებლო ცენტრზე, რომელიც მათ დიპლომის შემდგომი განათლების მიღებაში დაეხმარება. თუ USAID-თან აღნიშნულ საკითხზე პროცესები წარმატებით ჩაივლის, საკმაოდ მძლავრი სასწავლო ცენტრები საგარეჯოში და მარნეულში ჩამოყალიბდება“, - ამბობს იგი.

კითხვაზე, თუ რატომ კეთდება მხოლოდ აქცენტი რეგიონებზე, ზურაბ ქიტოშვილმა თქვა, რომ გაცილებით მწვავე დეფიციტი რეგიონებშია.

„უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად აქცენტს ვაკეთებთ უფრო იმ მიმართულებით საექთნო პერსონალის უნარ-ჩვევების ზრდაზე, რომელიც კიდევ უფრო კრიტიკულად დეფიციტურია. საუბარია პედიატრიის, ქირურგია-საოპერაციოს და ინტენსიური მოვლის ექთნებზე. ამ მიმართულებით კიდევ უფრო ღრმაა ის კრიზისი, რომელიც ბაზარზე არსებობს.

არსებობს საჭიროებები, როგორც რეგიონებში, ისე თბილიში, მაგრამ განსაკუთრებული დეფიციტი რეგიონებშია“, - ამბობს ქიტოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები