მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არ ეხება ძველ ბათუმს" - თორნიკე რიჟვაძე განაშენიანებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე

62fdfdbb980e4
თამთა ჯიჯავაძე
18.08.22 13:22
728
"ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაშენიანების შესახებ კოდექსში განხორციელებული ცვლილებების განმარტებისას განაცხადა.

საუბარია პარლამენტის მიერ 2022 წლის 23 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირას საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. აღნიშნულის მიხედვით, ქალაქ ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ქალაქში განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე შესაძლებელია განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა. ასევე, დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი (გარდა განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტისა და გამწვანების კოეფიციენტისა)) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანა.

კანონშივე აღნიშნულია, რომ ამ ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ ის კომპენსირდება შესაბამისი ღონისძიებით, ამავდროულად, არ დაუპირისპირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს, საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ამასთანავე, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქალაქგეგმარებით ესთეტიკურ პარამეტრებს და უნდა ითვალისწინებდეს არსებული საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურის ეფექტიანი შენარჩუნების/გაუმჯობესების პირობებს.

თორნიკე რიჟვაძე ირწმუნება, რომ აღნიშნული ცვლილება არ შეეხება ძველ ბათუმს.

„გარკვეული სპეკულაციები გამოიწვია ძველი ბათუმის კონტექსტში ამ ცვლილებებმა, ამიტომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერსახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომლის მიხედვითაც, ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

„წლების განმავლობაში აქტიური, ქაოტური და სპონტანური მშენებლობების შედეგად სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით ბათუმში არსებული მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისათვის აუცილებელია ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და არა პირიქით, კიდევ უფრო დამძიმება, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია მიუთითებს. განაშენიანების გენერალური გეგმის და კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გარეშე მასიური მშენებლობების განხორციელებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს დაცვის უფლებას.

მოსალოდნელი გამოუსწორებელი ზიანის თავიან არიდების მიზნით, კონსტიტუციური სარჩელით ასევე ვითხოვთ, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე", - აცხადებს სახალხო დამცველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები