მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰაი გარდენი" - საქართველოში NASA-ს ტექნოლოგიით საკვები მცენარეების წარმოება დაიწყო

62f3f30b705d7
ალა ისპირიანი
10.08.22 23:40
3350
კომპანია „ჰაი გარდენმა“ NASA-ს ტექნოლოგიით საკვები მცენარეების მოყვანა დაიწყო. მიკრომწვანილის, აზიური მცენარეული კულტურების და ქვეყანაში დეფიციტური სხვა საკვები მცენარეების მოსაყვანად პარტნიორებმა ნიკოლოზ გვარაძემ და ივანე მთიბელიშვილმა 100 000 ევრო ინვესტიცია ამერიკელი ინვესტორისგან მოიზიდეს და საქართველოში აეროპონიკის სისტემით ვერტიკალური სათბური მოაწყვეს.

Bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ გვარაძე აღნიშნავს, რომ სათბურმა მუშაობა სულ რაღაც თვენახევარია დაიწყო, თუმცა პროდუქცია თბილისის მასშტაბით უკვე 15-მდე რესტორანში შეაქვთ.

„ბაზარზე დაკვირვებისას, სარესტორნე ბიზნესის მხრიდან გვესმოდა, რომ სტაბილური მომწოდებელი ამ მიმართულებით არ ჰყავდათ. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ტექნოლოგიური ბიზნესი წამოვიწყეთ. წინასწარ ვიცით, რამდენი კილოგრამი უნდა ვაწარმოოთ, რადგან მომხმარებელს წინასწარ ვუთანხმებთ რამდენის შესყიდვა სურთ. ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, რომ მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის პროდუქცია მოვიყვანოთ. ჯერ თვენახევარია, რაც რეალიზაცია დავიწყეთ და საკვები მცენარეები უკვე 15-მდე რესტორანში შეგვაქვს. ეს არის კომბოსტოსებრი ოჯახი და კვირაში 100 კგ მიკრომწვანილის და მოზრდილი ფოთლების (Baby leaf) რეალიზაციას ვახდენთ", - ამბობს ნიკოლოზ გვარაძე.



მისი თქმით, სათბურში ძირითადად საქართველოში დეფიციტური კულტურები მოჰყავთ, რაზეც მოთხოვნა განსაკუთრებით ჰორეკა მიმართულებით არის.

„ჩვენთან კულინარია უფრო და უფრო ვითარდება და სხვადასხვა სახის მცენარეულ კულტურებზე მოთხოვნა იზრდება. ჩვენ აზიური კულტურებიც მოგვყავს, ის რაც ქართულ ბაზარზე ან არ არის, ან მცირე რაოდენობითაა.

რაც შეეხება მიკრომწვანილს ის ცალკე მოგვყავს. უნდა აღინიშნოს, რომ ნიადაგს არ ვიყენებთ და აღნიშნული კულტურა ისევე, როგორც სხვა დანარჩენი წყალზე მოგვყავს. ყველაფერს ტელეფონით ვაკონტროლებ. ჰავას და შუქს კომპიუტერები აკონტროლებენ. ადამიანების ჩარევა მხოლოდ დათესვისას და მცენარეების აღებისას არის საჭირო“, - ამბობს გვარაძე.



მცენარეთა მოყვანის განსხვავებულ ტექნოლოგიაზე საუბრისას ნიკოლოზ გვარაძე ამბობს, რომ ამ ტექნოლოგიას სხვა ქვეყნებშიც იყენებენ და მათ სოფლის მეურნეობაში ეს განსხვავებული მიდგომა საქართველოში გადმოიტანეს.

„ეს ტექნოლოგია პირველად NASA-მ გააკეთა. მაგალითად ამერიკაში, გერმანიაში, საფრანგეთში ძალიან ბევრი მსგავსი წარმოებაა. რაც შეეხება უშუალოდ სისტემას ის ხელმისაწვდომია, როგორც ამერიკაში, ისე ჩინეთში“, - აღნიშნავს იგი.

რაც შეეხება სამომავლო ტენდენციებს, „ჰაი გარდენში“ ამბობენ, რომ ზამთარში რეალიზაციის მატებას ელიან.

„უკვე 5 000 ლარის პროდუქციის რეალიზაცია შევძელით. თავიდან თუ სათბურიდან ყოველ მეორე დღეს 5 კგ მცენარე გადიოდა, ახლა 20 კგ გადის. ვფიქრობთ,  ზამთარში უფრო დიდ მოცულობებზე გავალთ. ჯერ მხოლოდ თბილისის მასშტაბით ვართ წარმოდგენილი და გეგმაში საქართველოს სრულად მოცვა გვაქვს“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები