„ჰაი გარდენმა“, რომელსაც NASA-ს ტექნოლოგიით საკვები მცენარეები მოჰყავს, წარმოება გააფართოვა და ახალი ჭკვიან სათბური აქვს, რომელიც კომპიუტერული სისტემით იმართება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ნიკოლოზ გვარაძე BMG-სთან ამბობს, ადგილის შეცვლის პროცესში, გასული წლის აპრილიდან, წარმოება შეჩერებული იყო, თუმცა კომპანია მომხმარებლებს განახლებულ ასორტიმენტს მალე შესთავაზებს.
„აქამდე სადაც ვიყავით, ის ადგილი იჯარით გვქონდა, გავფართოვდით და საკუთარ მიწაზე გადავედით ლილოში. წარმოება დაწყებული გვაქვს, უბრალოდ გასაყიდად ჯერ არაა მზად მცენარეები. მიმდინარე თვეში სავარაუდოდ უკვე დავუბრუნდებით დამკვეთებს და სტაბილურად მივაწვდით მცენარეებს. ასორტიმენტი გავზარდეთ, მიკრო მწვანილების და საკვები ყვავილების ხაზი დავამატეთ, ახალი სახეობები გვაქვს, მაგალითად, წინა სათბურში რუკოლა არ გვქონდა. კვლავ გვაქვს: ბოკჩოი, მდოგვი, მანგოლდი“,- ამბობს ნიკოლოზ გვარაძე.
მისივე თქმით, კომპანია საწყის ეტაპზე კვლავ თბილისში, ჰორეკა სექტორთან გააგრძელებს თანამშრომლობას, მომავალი წლიდან კი რითეილერებთან პარტნიორობაც იგეგმება. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, კომპანია ფასებს შეინარჩუნებს. „ჰაი გარდენის" დამფუძნებლის განმარტებით, მიზანია მცენარეების ფასი, სეზონის მიუხედავად, სტაბილური იყოს.
„წელს ისე დავხურავთ, რომ ძირითადად ვიქნებით ისევ თბილისის რესტორნებში. მომდევნო წლიდან ვგეგმავთ და ალბათ დავიწყებთ რითეილ სექტორთან თანამშრომლობას. ჩვენი მთავარი გეგმაა, ყველა ჩვენს დამკვეთებს მცენარეების სტაბილური მიწოდება შევუქმნათ, ასევე დავამატოთ მცენარეები, რომლებიც უნდოდათ და არ გვქონდა ასორტიმენტში. დაახლოებით 27 რესტორანთან ვთანამშრომლობდით. ჯერ გვინდა, რომ გავძლიერდეთ ადგილობრივ ბაზარზე და შემდეგ რა თქმა უნდა, ექსპორტზეც ვიფიქრებთ.
ფასები არ გაზრდილა, რაღაც პროდუქტებზე ოდნავ შემცირდება, რადგან წარმოების მოცულობას გავზრდით. ჯერჯერობით ფასები იგივე იქნება და ჩვენი გეგმაა, რომ წლის განმავლობაში ერთი ფასი გვქონდეს. პირობითად, ბაზილიკო როდესაც არავის აქვს ზამთარში და ღირს კატასტროფული თანხა, ჩვენ გვინდა, რომ სტაბილურად იმ თანხაში გვქონდეს, რომელიც სხვა სეზონებზეა“,- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, USAID-ის პროგრამის დახმარებით, კომპანიას აგრონომის პრობლემა აღარ აქვს, რადგან თანამშრომლები ამერიკელმა აგრონომმა გადაამზადა.
მიკრომწვანილის, აზიური მცენარეული კულტურებისა და ქვეყანაში დეფიციტური სხვა საკვები მცენარეების მოსაყვანად, პარტნიორებმა ნიკოლოზ გვარაძემ და ვანო მთიბელიშვილმა 100 000 ევრო ამერიკელი ინვესტორისგან 2022 წელს მოიზიდეს და საქართველოში აეროპონიკის სისტემით, რომელიც აგროტექნოლოგიებში უახლესი მიდგომაა, ვერტიკალური სათბური მოაწყვეს. ამჟამად პროექტის ჯამური ინვესტიცია 850 000 ლარამდეა.