მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იპოთეკის სუბსიდირება უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის, გააჯანსაღებს სამშენებლო სექტორს"

5ece70bb66ec7
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.20 18:00
2624
"იპოთეკური სესხების სუბსიდირება გაზრდის მოთხოვნას უძრავ ქონებაზე და შედარებით გააჯანსაღებს სამშენებლო კომპანიების მდგომარეობას,"- განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ იპოთეკური სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით. 

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსესხებელთა სუბსიდირების პროგრამა წარადგინა. მისი თქმით, ახალ მსესხებლებს, რომლებიც იპოთეკური სესხის მეშვეობით გადაწყვეტენ უძრავი ქონების შეძენას, სახელმწიფო წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას შესთავაზებს. ამ დროისთვის პროგრამის ბიუჯეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არაა. 

„ერთ-ერთი სექტორი, რომელმაც სერიოზული ზარალი მიიღო, არის დეველოპმენტი და მშენებლობა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის. ეს არის გეგმა, რომელიც შეეხება როგორც კომპანიებს, ისე მოქალაქეებს, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ, ან ამ პროცესში შესული არიან, პირველადი შენატანი აქვთ გაკეთებული ან უკვე დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა, ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მიერ იქნება დაზღვეული. დღეიდან და წლის ბოლომდე, სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და წლის ბოლომდე მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ყველაფერი კეთდება, რომ არ მოხდეს იმ კრიზისის გამეორება, რაც მოხდა 2008 წელს და რისი კვალიც არის ქალაქში. რამდენი ვიბრძოლეთ, დღგ-ის შეღავათი დავუწესეთ 2008 წლამდე დაწყებულ მშენებლობებს, მერიამ მიიღო გადაწყვეტილებები კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში“, - განაცხადა გახარიამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით კი, თანადაფინანსების მექანიზმის გავრცელება, მხოლოდ ლარში ნომინირებულ სესხებზე უნდა მოხდეს. 

“ფაქტია, რომ მოთხოვნა შემცირდება უძრავი ქონების ბაზარზე. შემცირდება ფასებიც, თუმცა იმის გამო, რომ თავის დროზე სწორი საზედამხედველო პოლიტიკა იქნა გატარებული, ამ მიმართულებით, 2008 წლის კრიზისისგან განსხვავებით, ამჟამად უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ბუშტი არ შეიმჩნევა, შესაბამისად არ ვფიქრობთ, რომ კორექტირება იქნება ისეთი, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. ჩვენ გამოვაქვყენეთ "ფასს 9-ის" ფარგლებში მომზადებული მაკროეკონომიკური პროგნოზები და იქ საბაზო პროგნოზში მივუთითეთ, რომ წელს ლარში უძრავი ქონების ფასები საშუალოდ 5%-ით შემცირდება. ამავე დროს იგეგმება სამთავრობო ინიციატივები, რომლებიც ამ სექტორის დახმარებას ითვალისწინებს. ისინი განიხილება და უახლოეს მომავალში გაცხადდება.

დიახ, ამ განხილვებში სებ-ი არის ჩართული. ჯამში, მაინც მთავრობის გადასაწყვეტია, თუ რომელ მოწყვლად ჯგუფს და რა ფორმით დაეხმარება, მაგრამ, ის ფაქტი და ღონისძიება, რომელიც გაზრდის მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ბინებზე - იპოთეკური სესხების სუბსიდირება ზოგადად გააუმჯობესებს მსესხებლების ფინანსურ მდგომარეობას და გადახდისუნარიანობას. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ის საკრედიტო აქტივობას აღდგენს ამ მიმართულებით. ეს გაზრდის მოთხოვნას უძრავ ქონებაზე და შედარებით გააჯანსაღებს სამშენებლო კომპანიების მდგომარეობას. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ის გავრცელდეს ლარის სესხებზე მხოლოდ. რათა წახალისდეს ლარიზაცია და შემცირდეს სავალუტო რისკები. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში გაცხადდება ეს ინიციატივა,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.