მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ორი ვიცე და ერთი პირველი ვიცეპრეზიდენტი ეყოლება - ცვლილება მიღებულია

63e4f1fb95ccc
ინგა მურუსიძე
09.02.23 17:19
1799
სტატიაში საუბარია:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები შედის. ინიციატორის განმარტებით, ცვლილებებით უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებული შესაძლო საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა და პროცედურული საკითხის დახვეწა.

საქართველოს პარლამენტის წევრების: პაატა კვიჟინაძის, ირაკლი ზარქუას, გოგი მეშველიანის, რიმა ბერაძის და ანტონ ობოლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე პაატა კვიჟინაძემ ცვლილებების საჭიროებაზე და მნიშვნელობაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავს 3 ვიცე-პრეზიდენტი. კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი.

კვიჟინაძის განმარტებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ბუნდოვანია თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას, ასევე ბუნდოვანია თუ რა პროცედურით ხდება მოვალეობის შესრულების რომელიმე ვიცეპრეზიდენტისთვის დაკისრება. ცვლილება საჭიროა იმისათვის, რომ აღმოფხვრილი იყოს ნებისმიერი თეორიული ბუნდოვანება, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს გამართული საქმიანობა.

მომხსენებლის თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა, პირველი ვიცეპრეზიდენტი, ორი ვიცეპრეზიდენტი და სხვა წევრები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს პირველი ვიცეპრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო დაავალებს ერთ-ერთ ვიცეპრეზიდენტს.

„კომიტეტზე მსჯელობის შემდეგ გამოიკვეთა საკითხი, რომ არ გაზრდილიყო ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტების რაოდენობა. დავთანხმდით, რომ დარჩება სამი ვიცეპრეზიდენტი და მათგან ერთი იქნება პირველი ვიცეპრეზიდენტი“,-განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

გარდა ამისა, კანონში გაჩნდება ჩანაწერი, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ წარადგენს ვიცე-პრეზიდენტს, მაშინ საბჭოს ორ წევრს შეუძლია წარადგინოს კანდიდატი და დაამტკიცოს საბჭომ.

პარლამენტმა ცვლილებები ხმათა უმრავლესობით, დღეს მიიღო. 

შეგახსენებთ, კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს 2 მარტიდან დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები