მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანდაცვის სისტემა კოლაფსთან ახლოსაა" – იტალიაში ე.წ წითელ ზონად კიდევ ორი რეგიონი გამოცხადდა

5faf7973cc6fd
თამთა ჯიჯავაძე
14.11.20 10:34
1251
იტალია ე.წ წითელ ზონას აფართოებს. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელების გამო, მაღალი რისკის შემცველად დასახელდა კიდევ ორი რეგიონი. ესენია კამპანია და ტოსკანა, სადაც მკაცრი ლოქდაუნი ხვალიდან ამოქმედდება.

როგორც კამპანიას მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რეგიონში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსთან ახლოსაა.

შეგახსენებთ, იტალიაში დღიური ინფიცირების შემთხვევები კვლავ მაღალია. მხოლოდ გუშინ 41 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, საერთო ჯამში იტალიაში დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 1 მილიონს აღემატება. გარდაცვლილია 44 000-ზე მეტი პაციენტი.

მთავრობის მრჩეველი პანდემიის საკითხებში ვოლტერ რიჩარდი აცხადებს, რომ ქვეყანას 2-3 კვირა აქვს იმისათვის, რომ გადაწყვიტოს მორიგი საყოველთაო ლოქდაუნის გამოცხადება.

ცნობისთვის, იტალიაში რეგიონები სამ ზონადაა დაყოფილი – წითელი, სადაც ყველაზე მაღალი რისკია, ნარინჯისფერი და ყვითელი. წითელ ზონაში ამჟამად შედიან ლომბარდია, ბოლცანო, პიემონტი, ვალე-დ’აოსტა და კალაბრია. ამ რეგიონებში დაახლოებით 16.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ლოქდაუნის ფარგლებში მოსახლეობას სახლის დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურში წასვლის, ჯანდაცვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საყიდლების მიზნით შეუძლია. ყველა მეორეხარისხოვანი პროდუქციის მაღაზია დაკეტილია. ბარები და რესტორნებიც დახურულია, თუმცა, მოსახლეობას აქვს უფლება თავიანთ სახლებთან ახლოს ივარჯიშონ, თუ პირბადეს გაიკეთებენ.