მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება - ვისთვის, რა ეღირება ვიზიტი?

იტალია

რამდენიმეწლიანი განხილვის შემდეგ, დღეიდან - 25 აპრილიდან ვენეციაში ტურისტული ვიზიტი ფასიანი ხდება - ქალაქი ჭარბი ტურიზმისგან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას ცდილობს. აღნიშნული ინიციატივით, ვენეცია პირველი პოპულარული ქალაქი ხდება მსოფლიოში, რომელშიც ტურისტული მოსაკრებლის პრეცედენტი გაჩნდა.

ვენეციაში შესვლის ღირებულება 5 ევრო იქნება და მისი გადახდა იმ ტურისტებს მოუწევთ, რომლებიც მხოლოდ ერთი დღით მიდიან და იტალიურ ქალაქში ღამის გათევას არ აპირებენ. იტალიის რეზიდენტები, სტუდენტები, 14 წლამდე ასაკის ბავშვები და ის მგზავრები, რომლებიც ქალაქგარეთ სამსახურისთვის გადაადგილდებიან, გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან. 5 ევროს გადახდა არ მოუწევთ იმ ტურისტებსაც, რომლებიც ვენეციაში მინიმუმ ერთ ღამეს დაყოფენ.

ვენეციის “ბილეთების” შეძენა ონლაინ იქნება შესაძლებელი. ტურისტული გადასახადი 25 აპრილიდან 14 ივლისამდე პერიოდში, მხოლოდ იმ დღეებზე დაწესდება, რომლებიც განსაკუთრებულად დატვირთულია, ესენია:

აპრილი: 25, 26, 27, 28, 29, 30;
მაისი: 1, 2, 3, 4, 5, 11, 12, 18, 19, 25, 26;
ივნისი: 8, 9, 15, 16, 22, 23, 29, 30;
ივლისი: 6, 7, 13, 14;

ბილეთის ვებგვერდზე შეძენის შემდეგ ტელეფონში QR კოდი გამოგიჩნდებათ, რომელიც ადასტურებს, რომ მოგზაურობის საფასური გადახდილი გაქვთ. აღსანიშნავია, რომ მოსაკრებელი სავალდებულოა ცენტრალურ, ისტორიულ ვენეციაში სტუმრობისას, 08:30-დან 16:00 საათამდე შუალედში.

მოსაკრებელის გარეშე მოგზაურობისთვის ჯარიმა 50-დან 300-მდე ევროთი განისაზღვრა.

ვენეცია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული წერტილია. მერის ინფორმაციით, ყველაზე დატვირთულ პერიოდში, ქალაქი დღეში 40 000-მდე ტურისტს მასპინძლობს, რაც ქალაქის მცხოვრებლებს საკუთარი სახლების დატოვებისა და ქალაქგარეთ გადაცხოვრებისკენ უბიძგებთ. თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც ვენეცია ტურისტულ გადასახადს აწესებს ვენეციის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები