მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯეო ჰოსპიტალსი" ჯანდაცვის მინისტრის ბრალდებებს პასუხობს – "ველოდებით კონკრეტიკას, სახელებით, გვარებით..."

626a9725d31ae
ელენე გოგბერაშვილი
28.04.22 22:40
5455
კლინიკების ქსელ ჯეო ჰოსპიტალსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძე ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ბრალდებებს პასუხობს. ამ უკანასკნელმა სამედიცინო დაწესებულებები გააკრიტიკა და თქვა, რომ კოვიდ კლინიკებში სახელმწიფოს 2 მილიარდამდე ლარი აქვს გადახდილი, როცა საშუალოდ საწოლების 40% დაკავებული არ იყო. მინისტრმა ასევე თქვა, რომ კლინიკები ხელოვნურად ზრდიდნენ პაციენტების რაოდენობას. 

ნინა კობახიძე მინისტრს მეტი კონკრეტიზაციისკენ მოუწოდებს და არასამართლიანს უწოდებს მის განცხადებებს:

„პირველ რიგში ჩვენ დაველოდებით კონკრეტიზაციას, სახელებით, გვარებით ინფორმაციის გაჯერებას, რადგან იმ ძალიან დიდ სეგმენტს, რომელიც 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღეს მუშაობდა ქვეყანაში კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ, არ მივაყენოთ ჩრდილი ფართო მასშტაბით“- ამბობს ნინა კობახიძე.

მისთვის აზარაშვილის განცხადება სიახლე არ არის, რადგან კობახიძე როგორც ამბობს, ამის შესახებ საუბრები აქამდეც იყო სამინისტროში გამართულ შიდა შეხვედრებზე. მისი თქმით, სექტორი ახლა უფრო მეტ ინფორმაციას ელის სამინისტროსგან, კონკრეტული სახელებით და გვარებით, რათა განზოგადებულად ამ განცხადებამ მთლიანად სექტორს რეპუტაციული ზიანი არ მიაყენოს.

„როცა ასეთი განცხადებები კეთდება აუცილებლად უნდა მოჰყვეს საქმე, რაშიც იგულისხმება კონკრეტული კლინიკები, კონკრეტული ჯარიმები, კონკრეტული პასუხისმგებლობები. ეს არის, რასაც ყველაზე მეტად დაველოდებით სამედიცინო სექტორი.

არავისთვის არის დასამალი, როცა შედგა კოვიდ კლინიკების ანაზღაურების განკარგულება, თავდაპირველად განისაზღვრა: პაციენტი იქნებოდა თუ არ იქნებოდა, თითო საწოლზე კლინიკა მიიღებდა კონკრეტულ ანაზღაურებას. ეს ანაზღაურება შემდეგ მენეჯმენტმა როგორ განკარგა, ამაზე განკარგულება თუ არ არის დეტალურად გაწერილი, მაშინ სადაო საკითხია. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ ექიმებმა და ექთნებმა არ მიიღეს კონკრეტულად მათთვის განსაზღვრული თანხა, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა და ჩემთვისაც წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ექიმის და ექთნის ასაღები გასამრჯელო დირექტორს ან სხვას აეღო (თუ ის არ იყო ექიმი, რადგან ბევრ კლინიკაში ექიმებიც არიან ხელმძღვანელები).

სექტორს, რომელიც პანდემიის დროს იყო ფარი და ბევრი ადამიანის გადამრჩენი, მეტი კონკრეტიკა სჭირდება და იმედი მაქვს, მალე მოვისმენთ ამას“-აცხადებს კობახიძე.

"ჯეო ჰოსპიტალსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პასუხისმგებლობის ტვირთის მხოლოდ კლინიკებზე გადატანის მომხრე არ არის. მისი აზრით, გადასახადის გადამხდელების ფულის განკარგვაზე პირველ რიგში პასუხისმგებელი თავად ჯანდაცვის სამინისტროა.

"იყო კლინიკები, რომელთაც არ ჰქონდათ არც საშუალება და არც სურვილი ჩართულიყვნენ კოვიდ პროცესების მართვაში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ გეგმიური სტაციონალური მომსახურება გააჩერა ჯანდაცვის სამინისტრომ და კრიტიკულად, რადიკალური მოთხოვნა იყო სამინისტროს მხრიდან, რომ ყველა ჩართულიყო კოვიდის მართვაში... ალბათ აქ ერთი მხარე, თუნდაც მხოლოდ ერთი არაკეთილსინდისიერი კლინიკა დამნაშავე არ არის, ორივე მხარეს, განკარგულების შემდგენსაც და შემსრულებელსაც შესაბამისი წილი პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს. რატომ იყო მაშინ ამ მოცულობის თანხები გამოყოფილი იმ სერვისებზე, რაც არ იყო საჭირო? რატომ მიეცა ყველა კლინიკას ჩართვის შესაძლებლობა და ხომ არ იყო აქ ჯანდაცვის მხარის პასუხისმგებლობა?

ალბათ მინისტრი მის განცხადებაში გულისხმობდა, არამხოლოდ სამედიცინო სექტორის პასუხისმგებლობას, არამედ იმ განკარგულების დამწერის პასუხისმგებლობასაც, რომლის მიმართაც ზოგიერთ შემთხვევაში იყო კითხვის ნიშანი ჩვენი მხრიდანაც. რა თქმა უნდა, როცა გადასახადის გადამხდელის თანხას განკარგავ, თუნდაც პანდემიის მართვისას, ძალიან დეტალურად გმართებს სწორი დანახარჯების გაცემა, ამაზეა შენი პასუხისმგებლობა მიმაგრებული. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ასე მარტივი არ არის გადაკეთდე კოვიდ-კლინიკად, მერე უცებ გადმოკეთდი და კოვიდ-კლინიკიდან გამოდი და პაციენტებს მოემსახურე, ესე მარტივი არ არის ამ ბიზნესში.

როცა დადგა საკითხი ფასთწარმოქმნაზე, რა თქმა უნდა მივიტანეთ ჩვენი ფასთწარმოქმნა, მაგრამ სამინისტრო იმისთვის არსებობს, რომ გონივრული და საღი ფასთწარმოქმნა გამოიყვანოს და გაუფრთხილდეს გადასახადის გადამხდელების თანხებს და თქვას, რომ ამ რეგიონში ახლა შემცირდა პაციენტების რაოდენობა და ახლა აქ შევწყვიტოთ...“,-აცხადებს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები