მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიის ერთ დღეში რეგისტრაციის ხათრით ინვესტორი საქართველოში არ გამოიქცევა"

5fd10d087cbcd
თამთა ჯიჯავაძე
09.12.20 23:00
885
2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და $302.6 მილიონი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონით ნაკლებია. რამ განაპირობა კლება და რა შეიძლება იყოს ამ ვითარების „წამალი“, ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ძალიან კომპლექსური თემაა და არ შეიძლება ერთი წამალი არსებობდეს.

„ერთი ნეგატიური ფაქტორი ამ მხრივ რაც საქართველოშია, ეს არის ზოგადი ნეგატიური ფონი. რატომ შეიქმნა ეს ფონი? წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ნეგატიური „ქეისის“, ისტორიის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია აქ მყოფი ინვესტორების სირთულეების გამო. ეს ინფორმაცია თანამედროვე ციფრულ ეპოქაში არსად მიდის. შეიძლება ეს აღარ არის მთავარი თემა და გადაიფარა სხვა თემით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გაქრა. ჩვენ სახეზე გვაქვს სიტუაცია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ნეგატიური გამოცდილება დალექილია და არსად წასულა.

სარესტორნო ბიზნესში არის ასეთი გამოთქმა: ერთ კმაყოფილ მომხმარებელს მოჰყავს 10 პოტენციური ახალი მომხმარებელი და ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი გაკარგვინებს 25 ახალ პოტენციურ მომხმარებელს. დაახლოებით ამ დღეში ვართ ჩვენ, ეს არის ზოგადი ფონი. ამის გარდა არის ძალიან ბევრი სხვა ფაქტორი: სასამართლო, პოლიტიკური სტაბილურობა, კოვიდი და ა.შ“, - განაცხადა კახა შარაბიძემ.

მან ასევე ვითარების გამოსწორების გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა ინვესტორების თვალში, - „ამ კუთხით რეგიონს უნდა მივაქციოთ ყურადღება და უნდა გადავდგათ აქტიური ნაბიჯები, რომ რეფორმების გზით, ახალი ინიციატივების გზით მოვიზიდოთ ინვესტორები.

ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ, რომ ყველა რეიტინგებში მივდივართ წინ, ეს არის ბიზნესის კეთების სიმარტივე და ა.შ. მაგრამ აქედან დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ამას არ მოსდევს ინვესტიციების ზრდა. ის ფაქტი რომ კომპანიის რეგისტრაცია აქ ერთ დღეში შეიძლება, არ ნიშნავს იმას, რომ ერთ დღეში გამოიქცევა ინვესტორი“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად სასამართლო არის უმთავრესი და ქვაკუთედი, და ამის გარეშე ქვეყანაში წარმოუდგენელია ინვესტიციების შემოსვლა.

„როცა საქმე ეხება ინვესტორს, სახელმწიფო ყოველთვის არ არის ხოლმე გახსნილი, რომ ინვესტორს შესთავაზოს ალტერნატიული სასამართლო, ანუ არბიტრაჟი“, - განაცხადა კახა შარაბიძემ.