მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები საქართველოს საინვესტიციო გარემოს დააზიანებს"

5f17d9b1bc9b8
სალომე მეცხვარიშვილი
22.07.20 13:43
1360
“ელექტრონული კომუნიკაციების კანონში” შეტანილი ცვლილებები საქართველოს საინვესტიციო გარემოს დააზიანებს, - ამის შესახებ bm.ge-ის კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტმა ხატია ყურაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ცვლილებებმა, შესაძლოა, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციაზე ცუდად იმოქმედოს.

საუბარია, ჩანაწერზე, რომელიც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებდა. ამისთვის კი, სასამართლოს წინასწარი ნებართვა საჭირო არ არის. თუ კომპანია სპეცმმართველის დანიშვნას არ ეთანხმება, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს, თუმცა საკითხის გასაჩივრება სპეცმმართველის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას არ აჩერებს.

“დროებითი მმართველის დანიშვნის პრეცენდენტი სამართლებრივად ახლაც არსებობს, მაგრამ ეს ყოველთვის უკავშირდებოდა ფინანსური ვალდებულებების არშესრულების პროცესს, როდესაც სახელმწიფოს მიმართ იყო დავალიანება და ესეც განისაზღვრებოდა სასამართლოს წესით. ამ შემთხვევაში ვხვდებით ახალ პრეცენდენტს კანონმდებლობაში, როცა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ნიშნავს სპეცმმართველს და არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, რა შემთხვევებში...ზოგადად, ეს პრეცენდენტი ძალიან ცუდად აისახება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში ვიყავით, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. თუმცა, ვფიქრობ, ეს ცვლილებები ცუდად აისახება რეიტინგებზე. ეს არის პირდაპირი ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ბიზნესსაქმიანობაში, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. თუ გვინდა, ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც უზენაესია კანონი და ადამიანისა და ბიზნესის უფლებები, სასამართლო უნდა იყოს ასეთი გადაწყვეტებების მიმღები ორგანო და არა დამოუკიდებელი მარეგულირებელი”, - აცხადებს ხატია ყურაშვილი.