მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშო ბიზნესისგან ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავლები 73%-ით შეუმცირდა

64784b7959164
მარიამ ვარადაშვილი
01.06.23 11:33
746
კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლები 7.8%-ით, 73.6 მლნ ლარამდე შემცირდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 80 მლნ ლარი იყო.

კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების შემცირებას აზარტული თამაშების კომპანიებზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებს. კერძოდ, გასული წლის მეორე კვარტლიდან აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა აიკრძალა. რეგულაციის ამოქმედებამდე, აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ. კომისიის ცნობითვე, 2022 წელს აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 4.8 მილიონი ლარი შეადგინა, 2021 წელს კი - 17.9 მილიონი ლარი იყო. ანუ წლიურად აზარტული სექტორიდან მიღებული შემოსავალი 73%-ით შემცირდა. როგორც სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა BMG-ის უთხრა, ეს შემოსავალი მაუწყებლებმა მარტამდე პერიოდში მიიღეს, მაშინ როცა ჯერ რეგულაცია ძალაში არ იყო შესული.

ანგარიშში წერია, რომ რეკლამის დამკვეთების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 36.8%-ით გაიზარდა. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვიდან გამომდინარე, მკვეთრად შეიცვალა დამფინანსებლების სტრუქტურა (ბიზნეს სექტორის კუთხით). კერძოდ, თუ 2021 წელს მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითადი წყარო სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები (44%) იყო, 2022 წელს სარეკლამო დაკვეთების კუთხით წამყვან ბიზნეს სექტორს სურსათისა და სასმელების მიმართულება წარმოადგენდა 29%-იანი წილით, 28.56%-ით მეორე ადგილი ფარმაციას, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები დისტრიბუციასა და ფინანსების სექტორებს ეკავა.

"აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით ყველაზე მეტად ის არხები დაზარალდნენ, რომლებიც წინა წლის მონაცემებით მეტად იყვნენ დამოკიდებულნი აზარტული სექტორიდან მიღებულ შემოსავლებზე, ტოპ მაუწყებლების მიერ აზარტული თამაშების სექტორში დასაქმებული დამფინანსებლებისგან დაკარგულმა შემოსავლებმა ჯამურად 13.1 მილიონი ლარი შეადგინა. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვამ უარყოფითი ეფექტი მოახდინა სარეკლამო შემოსავლებზე. თუმცა, სარეკლამო დამკვეთების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა კვარტლიდან კვარტლამდე გარკვეულწილად დადებით ეფექტს იძლევა და ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, საშუალო ვადიან პერიოდში, აღნიშნული ეფექტის დაძლევაა მოსალოდნელი",-წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები