საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზრდება, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება.
პრემიერ-მინისტრი მიერ გაჟღერებული ინიციატივის საქმის კურსში სექტორი არ იყო. როგორც სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი ამბობს, სამინისტროს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია შესაბამისად, რა წერია მომზადებულ კანონპროექტში, არ იციან.
“წინასწარ არც გაფრთხილება ყოფილა და მივიღეთ ის, რომ არ ვიცით რა წერია ამ კანონპროექტში. ფაქტობრივად გამოვიდა ისე რომ მალულად იღებენ რაღაც ცვლილებებს და ერთ-ერთი ბიზნესი, რომელიც ყველაზე დიდ კონტრიბუციას აკეთებს ბიუჯეტში ტელევიზიიდან იღებს ცვლილებებზე, რომელიც პირდაპირ შეხებაშია ბიზნესის მომავალ განვითარებასთან”, - ამბობს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში აპირებენ შიდა კონსულტაციების შემდეგ შეხვედრას როგორც ფინანსთა სამინისტროსთან ისე პარლამენტის წევრებთან. მათ იმედი არ აქვთ, რომ სექტორის შეფასებების გათვალისწინება მოხდება, თუმცა მამულაშვილი ამბობს, რომ ბიზნესი მაინც ეცდება.
“ჩვენ გვექნება კონსულტაციები ასოციაციაში, ვეცდებით შევხვდეთ ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტის წევრებს და ჩავერთოთ განხილვებში. თუმცა 2021 წელს როგორც მიიღეს ცვლილებები და ჩვენი შეფასებები საერთოდ არ შეისმინეს, იგივე ხდება დღესაც - საერთოდ არ ვიცით ს კანონპროექტში რა წერია. დიდი იმედი არ მაქვს, რომ რაღაცას მივაღწევთ, მაგრამ ბრძოლით ვიბრძოლებთ”, - ამბობს გიორგი მამულაიშვილი.
კითხვაზე - რა გავლენა ექნება მთავრობის გადაწყვეტილებას აზარტული თამაშების სექტორზე, ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სათამაშო ბიზნესს არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია მოუწევს. მათი თქმით, გადაწყვეტილებას თავად მომხმარებელზეც ექნება გავლენა, რომელიც არჩევანს გააკეთებს ისეთ ბიზნესსუბიექტზე, რომელიც არალეგალურ საქმიანობას ახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს ბაზრით კიდევ უფრო მეტი არალეგალური ბიზნესი დაინტერესდება.
“ოპერატორებს მოუწევთ კონკრეტული ოპტიმიზაციის გაკეთება, რომ გაუმკლავდნენ გადასახადებს. იგივე დაზარალდება მომხმარებელი, რომელიც მოძებნის უკეთეს გამოსავალს რომ გადავიდეს სხვა ბაზარზე და გააგრძელოს თამაში იქ. იმაზე საუბარი რომ ჩავკეტავთ, ავკრძალავთ არის ილუზია. დავინახეთ, რომ აკრძალვებმა ბოლო წლის განმავლობაში არაფერი კარგი არ მოუტანა ქვეყანას, ბევრი არალეგალური ბიზნესი გაჩნდა და კიდევ უფრო მეტი არალეგალური ბიზნესი დაინტერესდება საქართველოს ბაზრით”, - აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.
როგორც ცნობილია, აზარტული თამაშების სექტორი დღეს რამდენიმე ძირითადი გადასახადით იბეგრება. სექტორის ყველაზე დიდი წილი ელექტრონული თამაშების ოპერატორებზე მოდის, მათთვის 2022 წლიდან მოგების 10%-იანი გადასახადი მოქმედებს. ამ კომპანიებისთვის იბეგრება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%.
ფინანსთა სამინისტროს 9 თვის მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან 157 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.4 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით მეტია.