მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უფრო მეტი არალეგალური ბიზნესი დაინტერესდება საქართველოთი”- სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პასუხი მთავრობას

სათამაშო ბიზნესი

საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზრდება, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება.

პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შესახებ საქმის კურსში არ იყო სექტორი. როგორც სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი ამბობს, სამინისტროს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. შესაბამისად, არ იციან, რა წერია კანონპროექტში, რომელიც მომზადდა.

“წინასწარ არც გაფრთხილება ყოფილა და მივიღეთ ის, რომ არ ვიცით რა წერია ამ კანონპროექტში. ფაქტობრივად გამოვიდა ისე, რომ მალულად იღებენ რაღაც ცვლილებებს და ერთ-ერთი ბიზნესი, რომელიც ყველაზე დიდ კონტრიბუციას აკეთებს ბიუჯეტში ტელევიზიიდან იგებს ცვლილებებზე, რომელიც პირდაპირ შეხებაშია ბიზნესის მომავალ განვითარებასთან”,-ამბობს, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი.

კითხვაზე, თუ რა გავლენა ექნება მთავრობის გადაწყვეტილებას აზარტული თამაშების სექტორზე, ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიზნესს მოუწევს არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია. მათი თქმით, გადაწყვეტილებას გავლენა ექნება თავად მომხმარებელზეც, რომელიც არჩევანს გააკეთებს ისეთ ბიზნეს სუბიექტზე, რომელიც არალეგალურად ახორციელებს საქმიანობას. მისი თქმით, საქართველოს ბაზრით კიდევ უფრო მეტი არალეგალური ბიზნესი დაინტერესდება.

“ოპერატორებს მოუწევთ კონკრეტული ოპტიმიზაციის გაკეთება, რომ გაუმკლავდნენ გადასახადებს. იგივე დაზარალდება მომხმარებელი, რომელიც მოძებნის უკეთეს გამოსავალს რომ გადავიდეს სხვა ბაზარზე და გააგრძელოს თამაში იქ. იმაზე საუბარი რომ ჩავკეტავთ, ავკრძალავთ არის ილუზია. დავინახეთ, რომ აკრძალვებმა ბოლო წლის განმავლობაში არაფერი კარგი არ მოუტანა ქვეყანას, ბევრი არალეგალური ბიზნესი გაჩნდა და კიდევ უფრო მეტი არალეგალური ბიზნესი დაინტერესდება საქართველოს ბაზრით”, - აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შიდა კონსულტაციების შემდეგ როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ისე პარლამენტის წევრებთან შეხვედრას აპირებენ. მათ იმედი არ აქვთ, რომ სექტორის შეფასებების გათვალისწინება მოხდება, თუმცა მამულაიშვილი ამბობს, რომ ბიზნესი მაინც ეცდება.

“ჩვენ გვექნება კონსულტაციები ასოციაციაში, ვეცდებით შევხვდეთ ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტის წევრებს და ჩავერთოთ განხილვებში. თუმცა 2021 წელსაც როგორც მოხდა ცვლილებების მიღება და ჩვენი შეფასებები შესმენილი საერთოდ არ იყო და იგივე დღევანდელი შემთხვევაში, რომ არ ვიცით საერთოდ კანონპროექტში რა წერია. დიდი იმედი არ მაქვს, რომ რაღაცას მივაღწევთ, მაგრამ ბრძოლით ვიბრძოლებთ”-ამბობს გიორგი მამულაიშვილი.

როგორც ცნობილია, აზარტული თამაშების სექტორი დღეს რამდენიმე ძირითადი გადასახადით იბეგრება. სექტორის ყველაზე დიდი წილი ელექტრონული თამაშების ოპერატორებზე მოდის, მათთვის 2022 წლიდან მოგების 10%-იანი გადასახადი მოქმედებს. ამ კომპანიებისთვის იბეგრება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%.

ფინანსთა სამინისტროს 9 თვის მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან 157 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.4 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით მეტია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები